fbpx
საზოგადოებასაქართველო

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი მცირეწლოვანი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მათთან მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული სამივე მცირეწლოვანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და სამივე მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება.

„მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთთან არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო დაგვჭირდა ენოტროპული დახმარების ჩართვა, დანარჩენი ორის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ რჩება. მკურნალობის პროცესში ჩართულნი არიან როგორც ინფექციონისტები, ისე „ევექს ჰოსპიტლების“ ექსპერტთა საბჭოს წევრები. კომპლექსურად მიმდინარეობს მკურნალობა.

ამ მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება ძალიან ცუდი შედეგია, ამიტომ პარამეტრების ცვლილების მიხედვით კორეგირება შეგვაქვს და სტაბილურად მძიმე ნიშნავს, რომ ისინი იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, რაც თავისთავად ნიშნავს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნებას, რასაც თვითონ ვერ ახერხებს ჩვილი. ხელოვნურად ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს.

17 დღის ახალშობილის „პისიარ“ ტესტიც ჩაბარებულია და სექვენირების პასუხი ჯერ არ არის. ერთ ბავშვზე სპეციფიკური „პისიარ“ ტესტით დადასტურებულია დელტა შტამი, მეორეზე კი – ბრიტანული. სიმპტომურად ვერ ვვარაუდობთ, რომელი შეიძლება იყოს ახალშობილის შტამი, რადგან ვირუსი მძიმედ მიმდინარეობს ბრიტანულის და ინდურის შემთხვევაშიც. უბრალოდ, აქამდე რა გამოცდილებაც გვაქვს, კორონავირუსით ინფიცირებულ არცერთ ჩვილს და მოზრდილს არ დასჭირვებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, ამჯერად სამ ჩვილზე ამის საჭიროება დადგა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, კლინიკაში ამჟამად 100-ზე მეტი კოვიდინფიცირებული იმყოფება, აქედან 78 ბავშვია.

„გუშინ იყო 65 ბავშვი, როგორც ხედავთ, მოიმატა“, – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close