კრიმინალისაქართველო

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით საქართველოს 11 ქალაქში 25 პირი დააკავეს (ვიდეო)

დაკავებულები არიან: „ყასაბიჩი“, „ჩიჟიკა“, „წიწაკა“, „მღვდელოვიჩი“, „ბოთე“,  „ხორთუმა“, „რიჟა“ და უმეტსახელო სხვა პირები

შსს-მ ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად: რუსთავში, თბილისში, გორში, ქარელში, ხონში, ამბროლაურში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დმანისში, ლაგოდეხსა და გარდაბანში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით 4 პირს.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე კიდევ ორი პირი იძებნება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ ცხრა კრიმინალურ ავტორიტეტებთან. მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი.

დაკავებულთა ასაკი 22 წლიდან 54 წლამდე მერყეობს.

დანაშაულები 7-იდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათი პირადი და საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნივთები, მათ შორის: მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ნარკოტიკული საშუალებები და ძვირადღირებული ავტომობილი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქმეში 100-მდე დაზარალებულია. მისივე თქმით, იყო გამოძალვის, ყაჩაღობის და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.

„საქმეში ფიქსირდება არაერთი კრიმინალური გარჩევა, რაც მტკიცებულების სახით ერთვის საქმეს და ეს გახდა საფუძველი ადამიანების ბრალდების, რომლებსაც მკაცრი სასჯელი ელოდებათ“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი ასევე სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას. ბრალდებულები აღნიშნული ქმედებების შედეგად ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close