დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია EUROWINGS-მა დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა
გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა 4 ივლისს დიუსელდორფი – თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. თავდაპირველად დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში ერთხელ, ყოველ კვირას იფრენს, 21 ივლისიდან კი – კვირაში ორჯერ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
გერმანიიდან ჩამოსულ 171 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები და „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა დახვდნენ.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ეს რეისი არის გზავნილი, რომ „ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ძალიან მაღალი ტემპებით აღდგება და ავიაციაც კვლავ რეკორდულ ნიშნულებზე იქნება“.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ აღნიშნა, რომ დიუსელდორფის მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა და წინასწარმა გაყიდვებმაც გაამართლა. „ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოებს“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.
გერმანიის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ დროისთვის სამი ავიაკომპანია ასრულებს რეისებს: Georgian Airways-ი (ბერლინი), Lufthansa (მიუნხენი), Eurowings-ი (დიუსელდორფი) – მთლიანობაში 9 რეგულარულ რეისს კვირაში.
მსგავს თემაზე: ვინ და რა პირობებით შეძლებს გერმანიაში შესვლას
კომენტარები