კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ ათენის გალერეიდან მოპარული პიკასოს ტილო იპოვა

საბერძნეთის პოლიციამ აღმოაჩინა პაბლო პიკასოს ნამუშევარი „ქალის თავი“, რომელიც 2012 წელს მოიპარეს ათენის ეროვნული გალერეიდან.

ბერძნული გამოცემა „პროტოთემას“ ინფორმაციით, დაკავებულია ეჭვმიტანილი, 49 წლის ბერძენი მხატვარი, რომელიც ზეთის საღებავებით მუშაობს. პიკასოს „ქალის თავთან“ ერთად აღმოაჩინეს ჰოლანდიელი მხატვრის, პიტ მონდრიანის „ქარის წისქვილიც“, რომელიც მან, აგრეთვე, გალერეიდან მოიპარა. მონდრიანის ნამუშევარი დაზიანებულია.

ეჭვმიტანილი ნახატებს ათენიდან 50 კილომეტრში მდებარე ხევში გაკეთებულ სამალავში ინახავდა, სადაც ტილოები მან მიმდინარე წლის დასაწყისში გადაიტანა კერატეას საწყობიდან, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პოლიციამ კვალს მიაგნო და მას თვალთვალი დაუწყო. საბერძნეთის პოლიციამ მოპარული ხელოვნების ნიმუშები სწორედ ხევში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინა.

პაბლო პიკასოს „ქალის თავი“ 16.5 მილიონ ევროდაა შეფასებული. მხატვარმა ეს ნამუშევარი საბერძნეთს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებისთვის გაწეული წინააღმდეგობისთვის აჩუქა.

პაბლო პიკასო, „ქალის თავი“

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ქურდობამდე 6 თვის განმავლობაში უთვალთვალებდა გალერეის დაცვის თანამშრომლებს და მთელ პერსონალს, რომ დაწვრილებით შეესწავლა მათი პროგრამა და მოქმედება, რათა ტილოს მოპარვისთვის შესაფერისი დრო და სიტუაცია შეერჩია. იგი ყოველდღე დადიოდა გალერეაში, როგორც დამთვალიერებელი, და ყველა წვრილმანს სწავლობდა.

პიტ მონდრიანი, „ქარის წისქვილი“, 1905 წ.

მძარცველის თქმით, ფერწერის დიდი მოყვარულია და ტილოები თავისთვის უნდოდა. პოლიცია კი ვარაუდობს, რომ იგი აპირებდა, 10 წელი მოეცადა, შემდეგ კი მოპარული ნახატები გაეყიდა, მას საზღვარგარეთ კონტაქტები ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც ხელოვნების საკითხებზე მუშაობენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close