საფრანგეთში სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი მოკლა
საფრანგეთის სასამართლომ 40 წლის ქალი, რომელმაც საკუთარი ქმარი მოკლა, 25 ივნისს სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ „Le Parisien“-ი იუწყება.
ვალერი ბაკოს სუტენიორი და მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის სასამართლომ 4-წლიანი სასჯელი მიუსაჯა, საიდანაც 3 წელი პირობითია. ვინაიდან ქალმა ციხეში წინასწარ პატიმრობაში ერთი წელი უკვე გაატარა, ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ ვალერი ბაკოს მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი მინიმალურია.
პროკურორმა მოითხოვა, რომ ვალერი ბაკო, რომლის საქმესაც ზემო საონის (Haute-Saône) ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავდა, ციხეში არ დაებრუნებინათ. ნაფიცმა მსაჯულებმა პროკურორის მოთხოვნა გაითვალისწინეს.
როდესაც სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა, მქუხარე აპლოდისმენტები გაისმა. ქალის მომხრეები და ნათესავები აღელვებულები, ცრემლებით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას.
მას ასამართლებდნენ 2016 წლის 13 მარტს საკუთარი ქმრის – დანიელ პოლეტის მკვლელობისთვის, რომელიც თითქმის 25 წლის განმავლობაში ძალადობდა მასზე, აიძულებდა პროსტიტუციას. ქალმა ქმრის მკვლელობა აღიარა. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.
ბაკოს ადვოკატები აცხადებენ, რომ მან მოკლა ადამიანი, რომელიც მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა და არსებობდა იმის რისკი, რომ ეს ძალადობა მის შვილზეც გაგრძელდებოდა. მათი მტკიცებით, ქალს მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევის სხვა გზა არ ჰქონდა. გამოძიებითაც დადგინდა, რომ ქალზე 12 წლის ასაკიდან მისი მამინაცვალი ძალადობდა, რომელიც მოგვიანებით მისი ქმარი გახდა. სასამართლომ გაითვალისწინა ის „საშინელება“, რომელშიც ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, მისი ბავშვობის ტრავმები და გამოუვალი მდგომარეობა.
ვალერი ბაკოს გათავისუფლების პეტიციას 700 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ქალმა თავის ისტორიაზე წიგნი დაწერა, რომელშიც დეტალურად აღწერა ყველაფერი, როგორ ძალადობდა ქმარი მასზე, იარაღით ემუქრებოდა. მისი თქმით, იგი იძულებული გახდა, ეს დაესრულებინა.
ვალერი ბაკომ სასამართლოს დარბაზის დატოვებისას განაცხადა, რომ „ ეს არის ახალი ბრძოლა ყველა იმ ქალისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ“. მან მადლობა გადაუხადა „სასამართლოს და ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა“.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები