fbpx
იტალიაპოლიტიკა

28 ივნისიდან იტალიაში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნება

ამ გადაწყვეტილებას სამეცნიერო-ტექნიკურმა კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო

ორშაბათს, 2-საათიანი დებატების შემდეგ, სამეცნიერო-ტექნიკურმა კომიტეტმა (CTS) გადაწყვიტა, რომ 28 ივნისიდან იტალიას შეუძლია ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებაზე უარი თქვას. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

„არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც 28 ივნისიდან მთელი იტალია, ვალე დ’აოსტას ჩათვლით, „თეთრი ზონა“ იქნება, არსებობს პირობები, ღია სივრცეში მოიხსნას პირბადის ტარების ვალდებულება გარდა შემთხვევებისა, როდესაც ბევრი ადამიანის თავშეყრის პირობები იქმნება (ბაზრები, ბაზრობები, რიგები…) – აღნიშნულია სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის ჩანაწერში.

CTS-ს დასკვნის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა თავის ფეისბუქის გვერდზე წერს.

CTS-ს ექსპერტების აზრით, მაინც საჭიროა დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება რისკის შემცველ ღია სივრცეებში ყოფნისას, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებებში, თუმცა, რასაკვირველია, არა კვების ობიექტებში – მაგიდასთან.

სამეცნიერო-ტექნიკურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება ვაქცინაციის მაჩვენებლების გათვალისწინებითაც მიიღო: ამ დროისთვის იტალიის მთელი მოსახლეობის 53%-ს უკვე მიღებული აქვს ვაქცინის, სულ ცოტა, ერთი დოზა, დაახლოებით 27%-მა კი ვაქცინაციის მთლიანი ციკლი დაასრულა.

იტალიაში ვარაუდობენ, რომ მომავალი თვის ბოლოს ვაქცინირებული იქნება მოსახლეობის 70%-მდე.

ვაქცინაციის ახალ რესურსებზე მეტყველებს ახალი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, კოვიდინფექცია გადატანილი ადამიანებისთვის ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისია ინფექციის გადატანიდან 10 თვის შემდეგაც კი.

რაც შეეხება ვირუსის შტამებს, რომლებიც იტალიაში ცირკულირებენ, ამ დროისთვის დომინანტურია ალფა (ბრიტანული შტამი), თუმცა სწრაფად ვრცელდება დელტა (ინდური შტამი) და ინფიცირებულთა 26% სწორედ დელტა ვარიანტითაა დასნებოვნებული. დელტა შტამის გავრცელებით იტალია (26%) მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის (98%), პორტუგალიის (96%) და აშშ-ის (31%) შემდეგ. იტალიას  მოსდევს ბელგია (16%), გერმანია (15%) და საფრანგეთი (6,9%).

და კიდევ ერთი ინფორმაცია: იტალიაში ე. წ. მწვანე სერტიფიკატის გამოყენება 28 ივნისიდან დაიწყება, ხოლო ევროკავშირის ტერიტორიაზე – პირველი ივლისიდან. QR-კოდის მიღება შესაძლებელია დანართ Immuni-დან, ან  IO-ზე, აგრეთვე, შესაძლებელია ამობეჭდვა აფთიაქში, ან ექიმ-თერაპევტის დახმარებით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close