საქართველოს მოქალაქეები, 24 შრომითი მიგრანტი, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც პროგრამით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანეს. მათ საქართველოს პირველ არხს აცნობეს, რომ ამჟამინდელი პირობებით კმაყოფილები არიან და თავიანთი საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტოები და ვიდეოჩანაწერი გამოუგზავნეს.
აღსანიშნავია, რომ მათ წინა დამსაქმებელმა სრულად არ აუნაზღაურა კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი, ამიტომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს. სარჩელი გერმანიის შრომისა და სოციალური მდგომარეობის ფედერალური სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურმა – „მირამ“ მოამზადა („მირა“ გერმანიის სახელმწიფო უწყებაა, რომელიც შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაზე ზრუნავს). ჯგუფური სარჩელი მათ გერმანიის შესაბამის სასამართლოში დღეს შეიტანეს. ამასთან, 24-წევრიანი ჯგუფიდან სამი ადამიანი უახლოეს დღეებში საქართველოში დაბრუნებას აპირებს. მათ შორის არის ერთი დასაქმებული, რომელმაც არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო ფეხის დაზიანება მიიღო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გასწევია.
საქართველოში გერმანიის საელჩომ სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ 18 ივნისს განცხადება გაავრცელა, რომ დასაქმებულებს ამ კვირაშივე ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანდნენ.
გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების პრობლემაზე საქართველოს პირველმა არხმა სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ საქართველოს პირველ არხს გერმანიაში ლეგალური დასაქმების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ 24 ქართველს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანდნენ.
ამავე თემაზე: გამართლდა თუ არა მოლოდინები – რას ჰყვებიან გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები (ვიდეო)
კომენტარები