ქართველები უცხოეთში

რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ათენის ციხეში ქართველ ემიგრანტზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე

ქართველმა ემიგრანტმა გიორგი ხარძეიშვილმა, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია ახალგაზრდა ქალის მკვლელობას ედავებოდა, ტელეკომპანია „იმედთან“  ადგილობრივი პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ისაუბრა.

პოლიციელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე საქართველოს საელჩოს საბერძნეთში ინფორმაცია არ აქვს. დიპლომატიური წარმომადგენლობის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეს ბერძენი სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომების შესახებ ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებია, თუმცა საელჩო ფაქტის გადამოწმებას და შესაბამის რეაგირებას გეგმავს.

გთავაზობთ საელჩოს განცხადების სრულ ტექსტს:

„ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა საქართველოს მოქალქსის ინტერვიუ, სადაც იგი საუბრობს საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადოდ მოპყრობაზე.

საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა ჩვენი მუშაობის მთავარი მიმართულებაა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან (გ. ხ.). ბოლო სატელეფონო საუბარი შედგა გუშინ, 18 ივნისს. დაკავებულმა განგვიცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე საელჩოსთან კომუნიკაციაში ასევე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის საქმეზე, რომელზეც, პოლიციის ინფორმაციით, მისი კავშირი დადასტურდა შესაბამისი დნმ-ის ექსპერტიზით, უდანაშაულოა და თვლის, რომ არ უნდა იყოს დაკავებული.

მას განემარტა, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ, გაირკვეს სიმართლე აღნიშნულ საქმეზე და რომ მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელზეც მისი ადვოკატი დაიცავს მის ინტერესებს. სატელეფონო საუბრისას საქართველოს მოქალქეს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება.

აღსანიშნავია, რომ საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავების მომენტიდან კომუნიკაციაში იმყოფება ასევე ათენის პოლიციის შესაბამის განყოფილებასთან, სადაც განგვიმარტეს, რომ აღნიშნულ პიროვნებას 20 წლის გოგოს გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალი არასდროს ჰქონია წაყენებული.

თავდაპირველად ის დააკავეს არალეგალურად ყოფნის და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით და მოგვიანებით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, გამოიკვეთა მისი ბრალეულობა ათენში მცხოვრები 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის საქმეში. პოლიციის ინფორმაციით, ამჟამად ამაზე მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან მოპყრობის საკითხს, აღნიშნულის შესახებ საქართველოს მოქალაქეს საელჩოსთვის არ განუცხადებია, თუმცა ჩვენ დავუკავშირდებით საბერძნეთის შესაბამის უწყებებს აღნიშნულის გადამოწმების და რეაგირების მიზნით. სხვა მხრივ დაკავებულს არაერთხელ აღმოეჩინა დახმარება, სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, საელჩოს შუამდგომლობის შემდეგ“, – ნათქვამია გამცხადებაში.

საბერძნეთში დაკავებულ ქართველს მკვლელობის მუხლით ბრალი არ უმტკიცდება, თუმცა ის საპატიმროში მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით ამ დრომდე რჩება. გიორგი ხარძეიშვილი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close