ეკონომიკაიტალია

შოპინგი ბარტერით – მილანში იხსნება პირველი მაღაზია, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის არასაჭირო ნივთები სასურველ ნივთებში გაცვალოთ

„მსურველებს შეუძლია მოიტანონ ის ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებენ და ჩვენს მაღაზიაში არსებულ სხვა პროდუქციაზე გაცვალონ. თითოეულ ნივთს მაღაზიის სპეციალისტები შეაფასებენ და მფლობელებს შეფასების შესაბამისად შეუძლიათ მათ სანაცვლოდ სასურველი ნივთი აირჩიონ“, – ასეთია SwappaMI-ს კონცეფცია.

პირველ ივლისს მილანში, მისამართზე: 23 Corso Buenos Aires – იხსნება SwappaMI-ს პირველი მაღაზია, სადაც ვაჭრობა არა ფულით, არამედ ბარტერით ხდება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. 8 ივლისს SwappaMI გაიხსნება მეორე მისამართზეც: 93 Ripa di Porta Ticinese.

ეს იდეა დაიბადა სურვილით, ახალი სიცოცხლე აჩუქონ იმ ნივთებს, რომლებსაც მფლობელები აღარ იყენებენ და შეიქმნას შეხვედრების ადგილი Covid-თან დაკავშირებული რთული პერიოდის შემდეგ.

ნივთების ჩამონათვალი, რომელთა გაცვლაც შეგიძლიათ, დიდია: ტანსაცმელი, სათამაშოები, აქსესუარები, აგრეთვე, წიგნები, ელექტრონიკა თუ ავეჯი.

„მსურველებს შეუძლიათ მოიტანონ საგნები, რომლებიც თავად აღარ სჭირდებათ. თუ ეს საგნები შესანიშნავ მდგომარეობაშია, ჩვენ მათ შევაფასებთ მფლობელის თანდასწრებით, ამ შეფასების საფუძველზე კი შეუძლიათ სხვა პროდუქტი აირჩიონ, რომელსაც სახლში წაიღებენ. შესაძლებელია, აგრეთვე, შეკვეთა საიტზე ან  Swapush-ის დანართით (აპლიკაცია)“, – ამბობს სერენა ლულიო, პროექტის ავტორი.

მისი თქმით, ზაფხულის სეზონი ერთგვარი სატესტო იქნება სექტემბერში „გრანდიოზული ინაუგურაციის“ წინ. „ამ თვეების განმავლობაში მილანელების დადებითი გამოხმაურება გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ეს კარგი გამოცდილება იქნება. შეგვიძლია მოვაწყოთ კოლექტიური კითხვის საღამოები, იოგას კურსები ან ველოსიპედის ვორქშოპები, რის საშუალებასაც ჩვენი შიდა და გარე სივრცეები გვაძლევს“, – აღნიშნა სერენა ლულიომ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close