ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გადაღებისთვის 18 წლის გოგონას პულიტცერის პრემია მიენიჭა
18 წლის გოგონას, დარნელა ფრაზიერს (Darnella Frazier), რომელმაც პოლიციელების მიერ ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის დაპატიმრებისა და მკვლელობის სცენა გადაიღო და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა, ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული – პულიტცერის პრემია მიანიჭეს „მამაცობისთვის“. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.
პულიტცერის პრემიის კომიტეტის თქმით, დარნელა ფრაზიერს პრემია მიენიჭა „ტრანსფორმაციული ვიდეოსთვის, რომელმაც მნახველები შეძრა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების პროვოცირება გამოიწვია მთელ მსოფლიოში“.
მისი ვიდეო მტკიცებულებად გამოიყენეს სასამართლოზე, რომელმაც პოლიციელი დერეკ შოვინი ფლოიდის სიკვდილში დამნაშავედ ცნო ბრალდების 3 პუნქტით. ამას გარდა, სწორედ დარნელას მიერ გადაღებულმა ჩანაწერმა გამოიწვია ინტერნეტში მოხვედრის შემდეგ მთელ მსოფლიოში მასობრივი საპროტესტო აქციები რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ.
18 წლის ფერადკანიანი გოგონა 2020 წლის 25 მაისს მინეაპოლისში თავის ბიძაშვილთად ერთად სეირნობდა და ამ დროს შემთხვევით ფლოიდის დაპატიმრების სცენას შეესწრო. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მან თქვა, რომ თავისი ტელეფონით ინციდენტის გადაღება დაიწყო, რადგან „დაინახა ადამიანი საშინელ მდგომარეობაში, რომელიც იხვეწებოდა, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ“.
ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს, დაკავების დროს ასფიქსიით გარდაიცვალა. როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, იგი სიგარეტის ყიდვას ყალბი 20-დოლარიანით ცდილობდა და მაღაზიის მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა. დარნელას მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, რომ ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, დერეკ შოვინმა ფლოიდს კისრის არეში მუხლი დააბჯინა.
მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება. სასამართლო განაჩენს 25 ივნისს გამოაცხადებს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები