fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნამახვანჰესი არსებული პროექტით არ აშენდება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის არსებული პროექტი და პრობლემა მას „მემკვიდრეობით ერგო“, თუმცა ინვესტორთან ერთად მუშაობს, რათა პროექტში ცვლილებები შევიდეს და ჰესი აქამდე არსებული პროექტის მიხედვით არ აშენდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა:

„მემკვიდრეობით დამხვდა ეს პროექტი, ეს პრობლემა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ეს პროექტი ახლა არის და ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორებს ველაპარაკებით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში უკვე 7 თვეზე მეტია, მოსახლეობის ნაწილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ თურქულ კომპანია „ენკასთან“ დადებული კონტრაქტით ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში არ შეუშვან.

ხელისუფლების მტკიცებით, „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა არაერთი კვლევით არის დადასტურებული.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგების, კომპანია „ენკას“ წარმომადგენლების და ხელისუფლების მონაწილეობით შაბათს, 12 ივნისს ევროკავშირის მედიატორობით შეხვედრა იგეგმება. მხარეები აცხადებენ, რომ შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზად არიან.

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close