შეუცნობელი

უძველესი ჩვეულებები თანამედროვე ცხოვრებაში

რატომ არ უნდა დავიბერტყოთ ხელები დაბანის შემდეგ?

ჩვენი წინაპრები რომ განსაკუთრებული სიბრძნით გამოირჩეოდნენ, ფაქტია. ისინი უფრთხილდებოდნენ, ინახავდნენ, იყენებდნენ და შთამომავლობას გადასცემდნენ იმ ფასდაუდებელ ცოდნებს, რომლებიც მამა-პაპისგან მიიღეს.

ყოფითი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ელემენტად, ცხადია, სახლი ითვლებოდა. ერთ ძველ ანდაზაში ნათქვამია: „უსახლკარო ადამიანი ობოლს ჰგავს“. სახლთან უამრავი ჩვეულება, თქმულება თუ ლეგენდაა დაკავშირებული. მათში ნათლად ირეკლებოდა ადამიანისა და გარემომცველი ბუნების ურთიერთობები და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თანამედროვე ადამიანები ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას ამ უძველეს წეს-ჩვეულებებს და ხშირად ცრურწმენებს ვუწოდებთ, მაგრამ თუ მათ ენერგოინფორმაციული გაცვლის თვალსაზრისით შევხედავთ, შესაძლოა ასე ადვილად აღარ გადავუსვათ ხაზი.

ერთ-ერთი ჩვეულების თანახმად, თუ ადამიანი სახლიდან რამდენიმე დღით გავიდა, მისი გამგზავრებისთანავე ოთახის დაგვა მიზანშეწონილი არ არის. რით არის განპირობებული ამგვარი აკრძალვა? საქმე ისაა, რომ როცა ადამიანი სახლიდან მიდის, იქ აუცილებლად ტოვებს ენერგეტიკულ კვალს. მეხსიერების ეს ახალი ანაბეჭდები ადვილად „იშლება“ იმ შემთხვევაში, თუ იატაკს მაშინვე მოვგვით ან მოვწმენდთ. ორი-სამი დღის შემდეგ კი ისინი სახლის ინტერიერში „მკვიდრდებიან“ და მათი განადგურება ძნელდება. ისინი ნებისმიერ მანძილზე იმოქმედებენ და ადამიანს „საკუთარ თავს“ ყოველთვის შეახსენებენ. ეს კი მისი დაბრუნების საწინდარი იქნება.

მეორე თქმულება გვეუბნება, რომ ახალ ბინაში გადასვლამდე ძველი ბინა აუცილებლად უნდა გავასუფთაოთ. რა არის ამის მიზეზი?

მტვერი, ნაგავი, ჭუჭყი, რომელიც ძველ ბინაში რჩება, იქ მაცხოვრებელი ადამიანის ენერგეტიკული ფონია. ამიტომ, როცა ყოველივე ეს იქ რჩება, ამით სრულიად თავისუფლად შეიძლება ისარგებლოს თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილმა ადამიანმა. იქ დარჩენილი თქვენი ენერგიის გამოყენებით შეიძლება უამრავი უსიამოვნება შეგემთხვეთ, ასე რომ არ მოხდეს, სხვა ბინაში გადასვლის წინ ყველაფერი კარგად გაასუფთავეთ, ნაგავი კი დაწვით.

უძველესი დროიდან არსებობდა მოსაზრება, რომ სახლს ყოველგვარი ხიფათისა თუ უბედური შემთხვევისაგან კარგად იცავს ნემსი, რომელიც ისე იქნება ჩარჭობილი ანუ „ჩაძირული“ კარის ზღურბლში, რომ გარედან არაფერი გამოჩნდეს. ამისი ახსნა შემდგომში მდგომარეობს: ნებისმიერი ბასრი ლითონის საგანი უარყოფით ენერგიას ასხივებს. თვალით უხილავი ამგვარი სხივი სივრცეში ენერგეტიკულ კედელს ქმნის, რომელიც საშუალებას არ აძლევს თქვენ მიმართ ბოროტად განწყობილ ადამიანებს, ზღურბლს გადააბიჯონ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბოროტი განზრახვით მოდის თქვენთან, თავისი ბიოველის საშუალებით გრძნობს ამ წინაღობას და თავს არიდებს იქ შესვლას.

ასევე ძველი გადმოცემის თანახმად, დაბანის შემდეგ ხელები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიბერტყოთ. რატომ? რატომ და, ჩვენი ხელისგულები და თითები ბიოენერგიას ასხივებენ. ხელებს როცა ვიქნევთ, უაზროდ ვფანტავთ ამ ენერგიას, რითაც ჩვენს პოტენციალს ვამცირებთ.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამონათქვამია, რომ როდესაც გვასლოკინებს, ესე იგი, ვიღაც გვახსენებს. რა უდევს საფუძვლად ამ რწმენას?

ენერგეტიკული ინფორმაციის გაცვლის თანახმად, ეს შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას: როცა ვიღაც გახსენებთ, მას აუცილებლად წარმოუდგება თვალწინ თქვენი სახე და, აქედან გამომდინარე, ნაწილობრივ ერთვება თქვენს ენერგეტიკაში. ამასთანავე, მისგან მოდის ბიოიმპულსები, რომლებიც სწრაფად აღწევს თქვენამდე და, პირველ რიგში, ყელის სიმებზე მოქმედებს, თქვენ კი ჩვეულებრივი სლოკინი გეწყებათ. „იმედია, კარგად გვახსენებენ“, – მეტს ვერაფერს ვიტყვით ამაზე.

სხვა ჩვეულებებსა და თქმულებებს – ყველას აქვს მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ახსნა. ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ, გაითვალისწინებთ მათ ცხოვრებაში თუ უგულებელყოფთ. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგიძლიათ თავადაც აწარმოოთ პატარა დაკვირვება და დასკვნა გამოიტანოთ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close