კვლევითმა ინსტიტუტმა Intwig-მა, იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მონაცემების საფუძველზე, იტალიის ყველაზე მდიდარი და ყველაზე ღარიბი დასახლებული პუნქტების სია შეადგინა (2019 წლის მაჩვენებლებით). კვლევის შედეგები 27 მაისს გამოქვეყნდა.
მატერიალურად ყველაზე უზრუნველყოფილები ლაიატიკოს (Lajatico, პიზის პროვინცია, ტოსკანის რეგიონი) მაცხოვრებლები არიან (სხვათა შორის, ამ ქალაქიდანაა ცნობილი მომღერალი ანდრეა ბოჩელი). ლაიატიკოს თითოეული მაცხოვრებლის საშუალო წლიური შემოსავალი 46 216 ევროა. მეორე და მესამე ადგილი დაიკავა მილანთან ახლოს მდებარე ორმა დასახლებულმა პუნქტმა – ბაზილიომ (45 220 ევრო) და კუზაგომ (37 642).
ყველაზე ხელმოკლედ კი კომის ტბის სიახლოვეს ცხოვრობენ – რეიტინგში ორი ბოლო ადგილი დაიკავეს ქალაქებმა – კავარნიამ (Cavargna, კომოს პროვინცია) და ვალ რეცომ (Val Rezzo, კომოს პროვინცია), რომელთა მაცხოვრებლების საშუალო წლიური შემოსავალი 6243 და 6657 ევროა, შესაბამისად.
მილანი (32 330 ევრო), ბერგამო (28 760) და მონცა (27 677) – იტალიის ყველაზე მდიდარი დიდი ქალაქების პირველი სამეულია, ხოლო რომი ყველაზე მდიდარი ქალაქების ტოპათეულიდან „გავარდა“.
„2019 წელს იტალიელთა საშუალო შემოსავლის შესახებ მონაცემებიდან ორი ასპექტია განსაკუთრებით თვალშისაცემი: დიდი ქალაქების კრიზისი, სადაც საშუალო შემოსავლის შემცირება შეინიშნება (100 ევროზე მეტით) და გენდერული ფაქტორი – სხვაობა კაცების და ქალების ანაზღაურებას შორის: მამაკაცების საშუალო შემოსავალი წელიწადში ერთ სულზე 23 711 ევროა, ქალების – 16 101 ევრო“, – განაცხადა ალდო კრისტადორომ, Intwig-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები