საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს, პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახადოს. მსგავსი ექსპერიმენტი ქვეყნის რამდენიმე პატარა ქალაქში უკვე წარმატებით განახორციელეს.
საფრანგეთში უკვე რამდენიმე წელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო მომსახურების პროექტზე მუშაობენ. ამ ეტაპისთვის აღნიშნული პრივილეგიით 30-მდე ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს.
მსგავს მუნიციპალიტეტებს შორის არის ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქი დიუნკერკი, რომელმაც 200 ათასზე მეტ ადგილობრივს 18 ავტობუსის ხაზზე უფასო მგზავრობა 2018 წლიდან შესთავაზა.
მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურს ასევე არ იხდის ობანისა და კოლომბიეს მოსახლეობა. სტრასბურგი, საფრანგეთის სიდიდით მე-9 ქალაქი, აღნიშნულ პროექტს სექტემბრიდან შეუერთდება.
დიუნკერკში ჩატარებული კვლევის თანახმად, უფასო მგზავრობის პოლიტიკის შემოტანის შემდეგ ცვლილებებმა ქალაქი „გააცოცხლა“ და ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას ხელი შეუწყო, ვინაიდან ავტომობილის მძღოლებმა სამარშრუტო ტაქსებში გადაინაცვლეს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელმა ინიციატივის ამოქმედებიდან 60%-ით მოიმატა.
უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის პროექტის დაფინანსების ხარჯებს ხელისუფლება ადგილობრივი ბიზნესის გადასახადის ზრდის ხარჯზე დაფარავს.
rustavi2.ge
კომენტარები