იტალიის მთავრობა აპირებს, ყოველი მეათე პენსიონერი მომვლელით სახლში უზრუნველყოს
„იტალია ევროპაში ლიდერი უნდა გახდეს ხანდაზმულ ადამიანთა მოვლის საკითხში; სახლი – ზრუნვის პირველი ადგილი უნდა იყოს – ეს არის ჯანდაცვის რეფორმის ფუნდამენტური გასაღები“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ 24 მაისს განაცხადა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის რეფორმის კოორდინატორის, ვინჩენცო პალიას თქმით, იტალიაში 1,3 მლნ ხანდაზმულია, რომელთაც გადაადგილების სერიოზული პრობლემები აქვთ, თუმცა დამხმარის გარეშე ცხოვრობენ.
Confcooperative Sanità-ს პრეზიდენტის, ჯუზეპე მილანეზეს ინიციატივა, როგორც ყოველთვის, გულისხმობს უწყვეტი მოვლის მოდელს სახლში და არა ხანდაზმულთა დაწესებულებებში. მისი თქმით, ახლა, პანდემიისა და ევროპული ფონდების ზეწოლის პერიოდში, შესაძლოა „ყველაზე შესაფერისი ისტორიული მომენტია“, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით; „აღდგენის და მდგრადობის ნაციონალური გეგმა“ (PNRR) შესაძლოა „მამოძრავებელი ძალა გახდეს“ და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ერთი მილიონი ხანდაზმული ადამიანისთვის გარანტირებული იყოს წელიწადში 240 სთ-ის განმავლობაში დახმარება – ეს ნიშნავს 112 ათასი სპეციალიზებული მუშაკის დაქირავებას.
ამ დროისთვის ევროპაში ხანდაზმულთა სახლში მოვლის მხრივ ლიდერები არიან გერმანია და შვედეთი, სადაც სახლში დახმარებით უზრუნველყოფილია 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა 9%, იტალია კი აპირებს, 10%-იან მაჩვენებელს მიაღწიოს. პანდემიის პერიოდში იტალიაში ეს მაჩვენებელი 6%-მდე გაიზარდა (მანამდე 4% იყო) ინვესტიციების ხარჯზე.
ამ მოდელს ბევრი პარლამენტარი უჭერს მხარს. მაგალითად, სენატის ვიცე-პრეზიდენტი პაოლა ტავერნა „აღდგენისა და მდგრადობის ნაციონალურ გეგმაში“ (Piano nazionale di Ripresa e Resilienza/PNRR) ხედავს უნიკალურ შესაძლებლობას, „ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში ახალი გადაწყვეტილებების საფუძველზე, გამოსწორდეს, ადგეს და განახლდეს სახლმწიფოს მიერ ათწლეულების განმავლობაში არასათანადოდ მართული ჯანდაცვა და საზოგადოებრივი რესურსები“.
დღეისათვის იტალიაში ასიათასობით ასაკოვანი ადამიანი ცხოვრობს ხანდაზმულთა სახელმწიფო თუ კერძო სახლებში. ამას გარდა, პოპულარობით სარგებლობს სახლში მომვლელთა (იტ. ბადანტე) მომსახურება – როგორ წესი, ასეთ სამუშაოზე აღმოსავლეთ ევროპიდან ჩასულ მიგრანტებს ქირაობენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები