მსოფლიოპოლიტიკა

26 მაისს ჩანჩქერი ნიაგარა საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად კანადაში ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

„კანადაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შემზღუდავი ზომების გათვალისწინებით, წელს ვერ ხერხდება ოტავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფიზიკური მიღების გამართვა, ამიტომ, საელჩომ, კანადელ პარტნიორებთან ერთად, დაგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც კანადაში საქართველოს ეროვნული დღის ღირსეულად აღნიშვნის საშუალებას მოგვცემს:

26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდება. კანადის მხარის ეს გადაწყვეტილება ემყარება ჩვენს საელჩოსა და ნიაგარას რეგიონს შორის ჩამოყალიბებულ ახლო საქმიან ურთიერთობებს. 2019 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა ნიაგარას კოლეჯის ღვინის ინსტიტუტთან: ინსტიტუტის უნიკალურ საცდელ ვენახს გასულ წლებში საფერავისა და ჩინურის ჯიშის ვაზი დაემატა. ინსტიტუტს საჩუქრად შევუძინეთ ქართული ქვევრი, რომლის მეშვეობითაც კანადელი სტუდენტები პრაქტიკულად შეისწავლიან ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს. წელს დაგეგმილი იყო ღვინის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი ჯგუფის საქართველოში ვიზიტი, რომელიც კანადაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთანავე შედგება. ნიაგარას ჩანჩქერის საქართველოს დროშის ფერებში განათებას საელჩო თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით გააშუქებს;

26 მაისს, კანადის დედაქალაქის ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართება საქართველოს დროშა;

25 მაისს, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია პირველად გაიმართება კანადის ყველაზე დიდ ქალაქში – ტორონტოში. დროშა ტორონტოს მერიის თავზე აიწევა;

პირველ ივნისს ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა. ამ ჩოხის ასლი საელჩომ საკუთარი სახსრებით დაამზადებინა ქართულ კომპანიას „სამოსელი პირველი“. გამოფენა 25 მაისს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ივნისის დასაწყისისთვის გადაიდო“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close