პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში პირველი ივნისიდან „მწვანე სერტიფიკატები“ შემოდის

ევროპარლამენტსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის 2 დღის წინათ ბრიუსელში  მიღწეული შეთანხმების შემდეგ „მწვანე სერტიფიკატების“ დამუშავება დასრულების ეტაპზეა და პირველი ივლისიდან დაინერგება.

ამის მიუხედავად, ΑΠΕ-ΜΠΕ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი მზადაა „მწვანე სერტიფიკატი“ პირველი ივნისიდან შემოიტანოს, რადგანაც მან უკვე წარმატებით გაიარა სიმულაციური ტესტი.

ტელეარხ SKAI-სთან ინტერვიუში ციფრული მთავრობის მინისტრის მოადგილემ გეორგიოს გეორგანტასმა განაცხადა, რომ ეს არის „ჯანმრთელობის პასპორტი“, რომელიც გააადვილებს მოგზაურობას ევროკავშირის ფარგლებში.

ციფრული მწვანე სერტიფიკატი – ციფრული საბუთია, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანს გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, ტესტირების შედეგად უარყოფითი პასუხი მიიღო ან გადატანილი აქვს Covid-19-ის ინფექცია.

ასე რომ, პირველი ივნისიდან საბერძნეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ gov.gr-ის ერთიან ციფრულ პლატფორმაზე და გააფორმონ „მწვანე საშვი“, რისთვისაც გამოიყენებენ ან თავიანთ პირად პაროლებს Taxisnet-ში, ან AMKA-ს.

ციფრული სერტიფიკატი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში ვალიდური იქნება და ექნება QR-კოდი ციფრული ხელმოწერის გაყალბებისგან დასაცავად. ევროკომისია ქმნის პორტალს, რომლის მეშვეობითაც ყველა სერტიფიკატის და ციფრული ხელმოწერის შემოწმება მთელ ევროკავშირში იქნება შესაძლებელი. ამასთან, დაშიფრული პირადი მონაცემები, რომლებსაც სერტიფიკატი შეიცავს, პორტალის საშუალებით არ გადაეცემა, რადგანაც ისინი ელექტრონული ხელმოწერის შემოწმებისთვის საჭირო არ არის.

ევროკომისია წევრ სახელმწიფოებს პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებაშიც დაეხმარება, რომელსაც მთავრობები QR-კოდების კონტროლისათვის გამოიყენებენ.

ნინო ბაჯელიძე 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close