fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: დამწვარია ათასობით ჰექტარი ტყე – ათენიდან დასავლეთით ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან

ტყის ძლიერი ხანძრის ჩაქრობა, რომელიც საბერძნეთში, ათენიდან დასავლეთით მძვინვარებს, მესამე დღეა, ვერ ხერხდება. საბერძნეთის სახანძრო სამსახური ხანძრის მრავალრიცხოვან კერაზე საუბრობს.

ხანძარი 19 მაისს, საღამოს დაიწყო ქალაქ ლუტრაკის (ათენიდან 40 კმ – პირდაპირ, 83 კმ – საავტომობილო გზით) ახლოს, დასახლება სხინოსში, კორინთიაში. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ზეთისხილის კორომში ხმელი ტოტების დაწვა გახდა მშრალ და ქარიან ამინდში. ერთ დღე-ღამეში დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა.

21 მაისის საღამოსთვის კი, ათენის ეროვნული ობსერვატორიის მონაცემებით, დამწვარი იყო 5,5 ათასი ჰექტარი ტყე. ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლი ათენამდე აღწევდა. ასობით ადგილობრივი მცხოვრები ევაკუირებულია.

შაბათს, 22 მაისს დილით სახანძრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთლიანობაში მობილიზებულია „278 მეხანძრე, 89 ავტომანქანა, 10 ქვეითი ჯგუფი, სახანძრო ოპერაციების სპეციალიზებული მექანიზებული ნაწილი, მობილური ოპერატიული ჯგუფი „ოლიმპი“, 8 თვითმფრინავი (Canadair), 8 თვითმფრინავი  PZL, 2 ვერტმფრენი და კიდევ ორი ვერტმფრენი მოქმედებებს უწევს კოორდინაციას.

მეხანძრეებს ეხმარება საბერძნეთის არმიის 2 ვერტმფრენი, მოხალისე მეხანძრეები, აგრეთვე, წყალმზიდები და ადგილობრივი თვითმმართველობის ტექნიკა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close