გერმანიის ქალაქ მიუნხენში დაფუძნებულმა კომპანია InterNations-მა მიმდინარე წელს ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნები გამოავლინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტებმა სახელმწიფოები ცხოვრების ხარისხის, საარსებო მინიმუმის, უცხოელთა დასაქმების ხელშეწყობისა და სხვა მსგავსი ფაქტორების გათვალისწინებით შეაფასეს.
სპეციალისტებმა კვლევის დროს მსოფლიოს 186 ქვეყანაში მცხოვრები 174 ეროვნების წარმომადგენელი 12 ათასზე მეტი ემიგრანტი გამოკითხეს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა მინიმუმ 50 რესპონდენტს უნდა შეეფასებინა. საბოლოოდ, ექსპერტებმა რეიტინგში 59 ქვეყანა შეიყვანეს. მათ შორის 2021 წელს ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო სახელმწიფოდ აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ტაივანი დასახელდა, მეორე და მესამე ადგილს კი ლათინური ამერიკის ქვეყნები, მექსიკა და კოსტა-რიკა იკავებენ.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ათეულში ტაივანთან ერთად კიდევ ორი აზიური სახელმწიფო, მალაიზია და ვიეტნამი მოხვდა. ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ ათ საუკეთესო ქვეყანას შორის არიან, ასევე, პორტუგალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ეკვადორი და კანადა.
InterNations-ის სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბოლო ადგილზე დასავლეთ აზიაში მდებარე არაბული სახელმწიფო ქუვეითია. ბოლოსწინა პოზიციაზე იტალიაა, 57-ე ადგილს კი სამხრეთ აფრიკა იკავებს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის უკანასკნელ ათეულში მოხვდნენ, ასევე, რუსეთი, ეგვიპტე, იაპონია, კვიპროსი, თურქეთი, ინდოეთი და მალტა.
2021 წლის მონაცემებით ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალში ამერიკის შეერთებული შტატები 34-ე ადგილს იკავებს, დიდი ბრიტანეთი კი მხოლოდ 45-ე პოზიციას სჯერდება. რეიტინგში ესპანეთი მე-16, ჩინეთი 22-ე, საფრანგეთი 25-ე, გერმანია 36-ე, საბერძნეთი კი მე-40 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სკანდინავიური ქვეყნები – შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი პოზიციებს სიის პირველ ნახევარში ინაწილებდნენ, თუმცა მიმდინარე წელს ისინი რეიტინგის ბოლო ოცეულში მოხვდნენ.
popx.ge
კომენტარები