მედიცინასაქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში ისრაელში შექმნილ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატს გამოიყენებენ

კლინიკის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ ისრაელში წარმოებული ახალი პრეპარატი ეფექტიანია მძიმე და კრიტიკული პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი აქვთ და ჟანგბადდამოკიდებულები არიან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო უნივერსალური პრეპარატი – EXO-CD24, რომელიც ისრაელელმა მეცნიერებმა შექმნეს, შესაძლოა გამოიყენონ თბილისის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში, განაცხადა ენდელაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და თავისებურ მიდგომას საჭიროებს. მისი თქმით, უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას პრაქტიკულად არ საჭიროებენ, ხოლო საშუალო სიმძიმის და კრიტიკულ პაციენტებს ამჟამად მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მკურნალობენ. პროტოკოლი ხშირად ახლდება, როდესაც მკურნალობის რაიმე ახალი მეთოდი ან მედიკამენტი ჩნდება. საქართველოში პროტოკოლი ბოლოს მაისში განახლდა.

ენდელაძე მიიჩნევს, რომ ისრაელში შექმნილი ახალი პრეპარატი ეფექტიანია კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში, როდესაც ინფიცირებულებს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა აღენიშნებათ და ჟანგბადდამოკიდებულები ხდებიან.

„ჯერჯერობით ჩვენს პრაქტიკაში არ გამოგვიყენებია, მაგრამ ვესწრებოდი შეხვედრას და ვიცი, რომ თუ ეს მართლა ისეთი იქნება, როგორსაც გვეუბნებიან, ალბათ შედეგი გვექნება. სავარაუდოდ, ჩვენთან შემოვა… მთავარია, პაციენტისთვის მავნე არ იყოს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თავის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად შეხვდა თელ-ავივის სურასკი-იჰილოვის სახელობის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და COVID-19-ის მიმართულების ხელმძღვანელს ნადირ არბერს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ახალი პრეპარატის გამოყენების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

ეს მსოფლიოში COVID-19-ის სამკურნალო პირველი პრეპარატია, რომელმაც წარმატებით გაიარა ტესტირების პირველი ფაზა. კორონავირუსით ინფიცირებული 30-იდან 29 პაციენტი ახალი პრეპარატის – EXO-CD24-ის მიღებიდან 3-5 დღეში გამოჯანმრთელდა.

მკვლევარების თქმით, განიკურნა ოცდამეათე პაციენტიც, თუმცა მის მკურნალობას უფრო დიდი დრო დასჭირდა.

თავდაპირველად პრეპარატი კიბოს სამკურნალოდ შეიქმნა. EXO-CD24 შეიცავს გამდიდრებულ CD24-ექზოსომებს და უშუალოდ ფილტვებში ხვდება. პრეპარატის შესუნთქვა ხელს უწყობს ციტოკინების რაოდენობის შემცირებას.

კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება დისტრესსინდრომია. ის იწვევს იმუნური სისტემის ჰიპერრეაქციას (ციტოკინური შტორმი), ვითარდება ორგანოების უკმარისობა, იმატებს ტემპერატურა. ეს სინდრომი სხვა დაავადებების დროსაც ვითარდება, როგორიცაა: პნევმონია, სეფსისი, გრიპი და ა.შ. საბოლოოდ სინდრომი სუნთქვის უკმარისობას იწვევს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close