fbpx
კრიმინალი

სოხუმში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი მოკლეს

სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი ე. წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი – ქემალ არძინბა მოკლეს.

kavkazr.com-ის ინფორმაციით, მას სნაიპერის ტყვიები საკუთარ სახლში მოხვდა. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, სოხუმის ცენტრში, იმამ შამილის ქუჩის 6 ნომერთან სროლის შესახებ შეტყობინება პოლიციაში 18 მაისს, სამშაბათს, 17:40 სთ-ზე შევიდა. დაჭრილი ქემალ არძინბა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი მალევე გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, მოკლულს მარ­თა­ლია ე. წ. კანონიერი ქურ­დის ოფიციალური სტატუსი არ ჰქონია, მაგრამ კრიმინალურ სამ­ყა­რო­ში გავლენებით სარგებლობდა.

ქემალ არძინბა (მარცხნიდან მესამე) აფხაზ კანონიერ ქურდებთან (მარცხნიდან): თემურ გვასალიასთან (მაკოლია), თემურ ახუბასთან (დინრიდი) და ვალერი ხაშბასთან ერთად. სოხუმი, 07.04.2016

ადგილობრივი მედიის ვარაუდით, მკვლელობა შუ­რის­ძი­ე­ბის ნიადაგზე მოხდა. საქმე ისაა, რომ ქემალ არძინბას უკავშირებენ აფხა­ზეთ­ში მომხდარ რამ­დე­ნი­მე  კრი­მი­ნა­ლურ გარჩევას, მათ შო­რის, მკვლელობას სო­ხუ­მის ცენ­ტრში 2019 წელს, როდესაც რესტორან „სან რე­მო­ში“ ორი ე. წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი – ას­ტა­მურ შამბა და ალ­ხას ავი­ძ­ბა ჩაცხრილეს. მაშინ ბრმა ტყვი­ამ მიმ­ტა­ნი გო­გო­ნა, დომინიკა აკირთავაც იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქემალ არძინბაზე თავდასხმა 2004 წელსაც მოხდა, გასულ წელს კი მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების დაჯგუფების წევრებმა ვლადისლავ არძინბას სახლი დაცხრილეს. ისინი, სავარაუდოდ, ქემალ არძინბას ეძებდნენ.

რამდენადაც ვლადისლავ არძინბას (გარდაიცვალა 2010 წელს) მამრობითი სქესის პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყოლია (მას ერთი ქალიშვილი ჰყავს – მადინა), იგი ქემალ არძინბას მიიჩნევდა ვაჟიშვილად, ქემალმა შესაბამისი როლიც მიიღო როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში.

ქე­მალ არძინბა აფხაზეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა, მისი შემოსავალი სხვადასხვა ბიზნესიდან მიღებული წილები იყო, მათ შორის, აფხაზეთის ტურისტული ბიზნესიდან, რომელსაც იგი სრულად აკონტროლებდა.

ქემალ არძინბას სახლი სოხუმის ცენტრში დაახლოებით 1000 კვ. მ ფართობზეა გაშენებული და, გავრცელებული ცნობებით, ისეთი დაცული იყო, რომ „ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა“.

დამნაშავეების გამოსავლენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. დაკეტილია სოხუმის შესასვლელ-გასასვლელები. ჯერჯერობით თავდამსხმელი არ არის იდენტიფიცირებული.

ცნობისთვის, 2003 წლის 2 სექტემბერს გუდაუთაში ვლადისლავ არძინბას ბიძაშვილი, ბიზნესმენი ლევან არძინბა მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ლევან არძინბა თამბაქოს ბიზნესით იყო დაკავებული აფხაზეთსა და რუსეთში.

2003 წლის დასაწყისში მოკლეს ლევან არძინბას ძმა – აკაც.

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close