სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში მწვავდება. 13 მაისს, ხუთშაბათს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზის სექტორის საზღვართან დამატებითი საჯარისო შენაერთები გადაისროლა. ისრაელის ტანკებმა ღაზის სექტორის ტერიტორიის მიმართულებთ ცეცხლი გახსნეს იმ დროს, როდესაც იქიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები გრძელდებოდა. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება.
„მზად ვართ და ვაგრძელებთ მომზადებას სხვადასხვა სცენარისთვის“, – განაცხადა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ჯონათან კორნიკუსმა და აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერციას არ გამორიცხავს. ამავე დროს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებას 9000 რეზერვისტის მობილიზაციის შესახებ. მარტო სამშაბათს მოქმედ შეიარაღებულ ძალებში 5000 რეზერვისტი გაგზავნეს.
ისრაელის თავდაცის სამინისტროს ცნობით, ხუთშაბათს, 13 მაისს ისრაელის მიმართულებით 3 რაკეტა ლიბანის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. ლიბანის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვა, რომ შესაძლოა რაკეტები პალესტინელი დევნილების ბანაკის ტერიტორიიდან ისროლეს. ამ დროისთვის ლიბანელი სამხედროები იძიებენ, ვინ გაუშვა რაკეტები.
ისრაელში გრძელდება შეტაკებები ებრაელებსა და არაბებს შორის
ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვების გარდა ისრაელის შიგნით ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის შეტაკებების სერია გრძელდება. პოლიციის წარმომადგენლები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ძალადობის ყველაზე დიდ აფეთქებაზე საუბრობენ.
სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილიდან რამდენიმე პალესტინური ოჯახი გაასახლოს და იქ ებრაელები ჩაასახლოს. დაიწყო არეულობები, რომლის დროსაც ასობით პალესტინელი დაიჭრა.
ისრაელის მხარის განცხადებით, ღაზის სექტორიდან პალესტინელებმა 10 მაისის შემდეგ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 1600-ზე მეტი რკეტა გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმებს ისრაელმა ღაზის სექტორში ასობით სამიზნეზე დარტყმით უპასუხა.
რეგიონში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჩავიდა კონფლიქტის დეესკალაციის შუამავლობისთვის.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები