fbpx
ქართველები უცხოეთში

აჭარული ხაჭაპური ნიუ-იორკის სწრაფი კვების ინდუსტრიის ნაწილი ხდება

ნიუ-იორკში მდებარე ქართული რესტორანი Cheeseboat-ი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და Urbanspace-სთან თანამშრომლობას იწყებს. Urbanspace-ი 70-იან წლებში ლონდონში დაფუძნებული ბიზნესია, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმეებს საკუთარი პროდუქტების მომხმარებლამდე მიტანაში ეხმარება. კომპანია 1993 წლიდან ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ღია მარკეტებს მართავს.

ერთ-ერთი ასეთი ღია მარკეტის –  „ბრაიან პარკის“ – ვიზიტორებს, რომელიც თვის განმავლობაში საშუალოდ 2 მლნ ვიზიტორს მასპინძლობს,  უკვე აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებაც შეუძლიათ.

როგორც რესტორან Cheeseboat-ის მფლობელი ქეთი გოჩაშვილი „საქმის კურსს“ უყვება, Urbanspace-თან თანამშრომლობა ქართული ბიზნესებისთვის ახალი საფეხური იქნება.

„ჩვენი პატარა ნავი დიდ ზღვაოსნობაში შეცურდა, ეს არის თანამშრომლობა ქალაქის მერიასთან და უდიდეს კომპანია Urbanspace-თან, „ბრაიან პარკის“ მარკეტზე მიწვევა ძალიან გაგვიხარდა, იმედი გვაქვს, სხვა მარკეტებზეც მიგვიწვევენ. ჩვენი პატარა ნაბიჯი სხვა ქართული ბიზნესებისთვის ახალი გზის გახსნა იქნება. Cheeseboat ქართულ სწრაფ კვებას იწყებს და ჩვენი მიზანია, ნეონი ამ წარწერით რაც შეიძლება ბევრგან ენთოს“, – ამბობს ქეთი გოჩაშვილი.

რესტორნის მფლობელს გეგმაში ქართული ყველის ისეთივე პოპულარიზაცია აქვს, როგორითაც მოცარელა და ფეტა სარგებლობენ.

„ხაჭაპური ფეტათი და მოცარელათი ძალიან პოპულარულია, მე მინდა დავიწყო კამპანია და მომხმარებელს გავაგებინო, რომ ნამდვილი ხაჭაპური სულუგუნითა და იმერული ყველით მზადდება, რათა ყველამ, სახლშიც კი, ხაჭაპური ქართული ყველით გააკეთოს; ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ყველის ერთ-ერთ ქართველ მწარმოებელთან გვაქვს“, – აღნიშნავს Cheeseboat-ის მფლობელი.

ქეთი გოჩაშვილი მალე ამერიკელ მკითხველს საკუთარი ნიუიორკული ბიზნესგამოცდილებისა და ქართული სამზარეულოს შესახებ კულინარიულ წიგნსაც შესთავაზებს.

ცნობისთვის: Cheeseboat-ი პირველად 2016 წელს ბრუკლინში გამოჩნდა.

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close