fbpx
საზოგადოება

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი კორონავირუსით გარდაიცვალა

74 წლის ასაკში კინორეჟისორი და სცენარისტი რამაზ (ბუბა) ხოტივარი გარდაიცვალა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ადასტურებს.

ბუბა ხოტივარი თბილისში დაიბადა 1946 წელს, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის(ВГИК) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

თავიდან მუსიკოსობა უნდოდა, თუმცა საბოლოოდ გენმა იმძლავრა და ბოლოს კინორეჟისორობა აირჩია, მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩააბარა – ეს გარემო ხომ მისთვის ბავშვობიდან ნაცნობი და მშობლიური იყო:  მისი მამა (ლევან ხოტივარი), ძმა, ბიძაშვილები – რეჟისორები იყვნენ.

ბუბა ხოტივარი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად.

1986-1991 წწ. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება „ადამ და ევას“. 1988-1992 წწ იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006 წწ. კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ძმასთან – ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“. იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

2019 წლის სექტემბერში  ბუბა ხოტივარი საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს 4 წლის ვადით.

გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებები გახდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close