რომის ნაფიც მსაჯულთა პირველმა სასამართლომ კარაბინერთა ბრიგადირის მოადგილის, 35 წლის მარიო ჩერჩელო რეგას მკვლელობისთვის ორ ამერიკელ ტურისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
21 წლის ფინეგან ლი ელდერი და 20 წლის გაბრიელ ნატალე ჰიორტი კალიფორნიის ქალაქ მილ ველიდან დამნაშავედ ცნეს იტალიელი კარაბინერის, მარიო ჩერჩელო რეგასთვის 2019 წლის 26 ივლისს დანით სასიკვდილო ჭრილობების მიყენებაში და კიდევ რამდენიმე მუხლით.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ახალგაზრდა ამერიკელი მსჯავრდებულების ადვოკატმა რენატო ბორცონემ სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს. მან სასამართლოს გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა: „ის, რაც მოხდა, გაუგონარია. მსგავსი არაფერი მინახავს ჩემი 40-წლიანი კარიერის განმავლობაში. ორ 19 წლის ახალგაზრდას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯო – ეს სამარცხვინოა. იტალიის მართლმსაჯულება ძლიერია სუსტებთან, ძლიერებთან კი – სუსტი“, – განაცხადა ადვოკატმა. ბორცონეს თქმით, განაჩენის მოსმენისას „მეტყველების უნარი დაკარგა“.
რაც შეეხება დანაშაულის ისტორიას: მკვლელობის ღამეს 2-მა ამერიკელმა ახალგაზრდა ტურისტმა რომის ტრასტევერეს რაიონში, მათი აზრით, კოკაინი იყიდა 80 ევროდ, თუმცა Associated Press-ის ცნობით, როგორც სასამართლოზე გაირკვა, ისინი მოატყუეს და ასპირინი მიჰყიდეს კოკაინის ნაცვლად. როდესაც ტურისტები მიხვდნენ, რომ გააცურეს, მოჰპარეს ზურგჩანთა იტალიელ შუამავალს, რომელმაც ისინი ნარკოტიკებით მოვაჭრესთან მიიყვანა, შემდეგ კი მას შეხვედრაზე შეუთანხმდნენ, რათა თანხის სანაცვლოდ ზურგჩანთა დაებრუნებინათ. ნარკომოვაჭრეებთან შუამავალმა ბიჭმა კი პოლიცია გააფრთხილა და ამერიკელ ახალგაზრდებს შეხვედრის ადგილას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული კარაბინერები – ჩერჩელო რეგა და მისი მეწყვილე – ანდრეა ვარიალე დახვდნენ.
შეხვედრის ადგილას ჩხუბი დაიწყო, რომლის დროსაც ჩერჩელო რეგამ 11 ჭრილობა მიიღო 18-სანტიმეტრიანი სამხედრო საბრძოლო დანით. დაჭრილი ოფიცერი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მოკლული კარაბინერი ახალდაქორწინებული იყო – მისი პანაშვიდი იმავე ტაძარში გაიმართა, სადაც მკვლელობამდე 6 კვირით ადრე ჯვარი დაიწერა. 35 წლის პოლიციელი იტალიამ ეროვნული გმირივით დაიტირა.
სხვათა შორის, სასამართლო პროცესზე, რომელზეც ამერიკელებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, გარდაცვლილი ოფიცრის ქვრივი – როზა მარია ეზილიოც იმყოფებოდა.
ახალგაზრდა ამერიკელები შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მათ სასტუმროს ნომერში სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ელდერმა აღიარა, რომ დანა მას ეკუთვნოდა. მათ ბრალი წაუყენეს მკვლელობაში, გამოძალვის მცდელობაში, თავდასხმაში, იარაღის უკანონო ტარებასა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში. იტალიის კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია მკვლელობაში ბრალი წაუყენონ ნებისმიერს, ვინც სავარაუდო მკვლელობაში ირიბად მონაწილეობს.
ახალგაზრდა ამერიკელი ტურისტები აცხადებდნენ, რომ თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ოფიცრებს მათთვის არ წარუდგენიათ თავი, როგორც პოლიციელებს, რაც ვარიალემ (მოკლული პოლიციელის მეწყვილემ) სასამართლოზე უარყო.
როგორც აღვნიშნეთ, სამუდამო პატიმრობამისჯილი ახალგაზრდა ამერიკელების ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები