იტალიასაზოგადოება

იტალიელი „რობინზონ კრუზო“ ტოვებს კუნძულს, სადაც 32 წელი მარტომ გაატარა

81 წლის მაურო მორანდი, რომელსაც ხშირად იტალიელ „რობინზონ კრუზოს“ უწოდებენ, ტოვებს ვარდისფერი ქვიშის პლაჟით განთქმულ კუნძულ ბუდელის, სადაც 32 წელი სრულიად მარტომ გაატარა. კუნძული ბუდელი ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულ ლა-მადალენას არქიპელაგში შედის. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გასახლების მუქარის შემდეგ მოუწია.

მაურო მორანდი ყოფილი ფიზკულტურის მასწავლებელია, წარმოშობით იტალიის ქალაქ მოდენიდან. მის ცხოვრებაში ყველაფერი 1989 წელს შეიცვალა, როდესაც ცივილიზაციისგან შორს ყოფნა გადაწყვიტა და ნავით მოგზაურობისას შთამბეჭდავ სანაპიროს მიადგა. აღმოჩნდა, რომ კუნძულ ბუდელის იმჟამინდელი ზედამხედველი სამსახურის დატოვებას აპირებდა, მორანდიმ კი მისი ჩანაცვლება მოინდომა და იქ დარჩა. მას შემდეგ მამაკაცი აღნიშნულ ტერიტორიას იცავს და უვლის, ვიზიტორებს ადგილობრივ ეკოსისტემას აცნობს, ხოლო ღამეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ შენობაში ათენებს.

გასულ წლებში იქაურობის დატოვებაზე მორანდის დაყოლიებას არაერთხელ ეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. ამ მხრივ გარდამტეხი 2013 წელი აღმოჩნდა, როცა კუნძულ ბუდელის მფლობელი კომპანია გაკოტრდა. ის ახალზელანდიელი ბიზნესმენის ხელში უნდა გადასულიყო, მაგრამ საქმეში იტალიის ხელისუფლება ჩაერია და 2016 წელს ზემოხსენებული ტერიტორია მადალენას არქიპელაგის ეროვნულ პარკს გადასცა, რომელსაც იქ გარემოსდაცვითი ხასიათის საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა სურს. სწორედ მათი ზეწოლის შედეგად დათანხმდა თანამედროვე რობინზონ კრუზო საყვარელი ადგილიდან წასვლას.

„დავნებდი. გული მწყდება, რომ 32 წლის შემდეგ აქაურობას ვტოვებ. ახალი სახლი ქალაქგარეთ მექნება. ცენტრში მხოლოდ საყიდლებისთვის გავალ, დანარჩენ დროს კი საკუთარ თავს დავუთმობ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ზღვას ისევ დავინახავ“, – განაცხადა მაურო მორანდიმ.

როგორც ცნობილია, მამაკაცი ძველ ადგილსამყოფელს უახლოეს დღეებში დატოვებს და საცხოვრებლად მადალენას არქიპელაგში შემავალ ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე ქალაქში გადავა, რომელიც ამავე სახელწოდებას ატარებს. ის იმედოვნებს, რომ კუნძულ ბუდელის მომავალში ისევე მოუვლიან, როგორც ამას თვითონ აკეთებდა.

წყარო: popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close