fbpx
პოლიტიკასაქართველო

„SAKARTVELOS GAUMARJOS!“ – ასე მიესალმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას

19 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „რესპუბლიკელებმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დოკუმენტს, როგორც ინდივიდუალურმა დეპუტატმა, ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა. მისი განცხადებით, პოლიტიკურ საქმიანობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით აღარ გააგრძელებს. ასევე, ინდივიდუალურად მოაწერა დოკუმენტს ხელი დავით ბაქრაძემ, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარეა.

ამით პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 113-მდე გაიზრდება, რაც დეპუტატების საერთო რაოდენობის (150) 2/3-ია და საკონსტიტუციო უმრავლესობას ქმნის (113).

დღეს, 20 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეთანხმება სააკაშვილის მოწოდებას და ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლების შემთხვევაში პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, აგრეთვე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა დეპუტატებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნება“ დატოვეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება დოკუმენტზე ხელმოწერას.

საქართველოს გაუმარჯოს! – დაწერა მან ტვიტერზე ლათინური ასოებით: „შეთანხმება საქართველოში. Sakartvelos Gaumarjos!”

შარლ მიშელი ულოცავს პოლიტიკურ ლიდერებს კრიზისიდან გამოსასვლელად შეთანხმებაზე ხელმოწერას:

„შეთანხმება საქართველოში. საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად შეთანხმების ხელმოწერას. თქვენ ხალხის ინტერესები წინ დააყენეთ და დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მიეცით. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ყველა მხარეს“,- დაწერა შარლ მიშელმა „ტვიტერზე“.

დოკუმენტზე „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერის ცერემონიას,რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შედგა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურად დაესწრო.

ორბელიანების სასახლეში ონლაინ ჩართვისას მან დაანონსა, რომ 20 აპრილს ისევ ეწვევა საქართველოს.

„ჩამოვალ საქართველოში და შევხვდები თითოეულ თქვენგანს… შემდეგ ნაბიჯებზე ჩვენ ერთად ვისაუბრებთ,როგორ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოს და ევროკავშირს შორის,”- აღნიშნა შარლ მიშელმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close