საზოგადოება

„ახმეტელი ბერიამ დახვრიტა, მე კი – გადარეულმა ისტერიჩკებმა“ – რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრს ტოვებს?

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში საჯაროდ დაადანაშაულა.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ სტუმრობისას ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ 11 წლის წინათ მისი ყოფილი მეუღლე, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის, მაშინაც, როცა იგი ორსულად იყო.

ნინუცა მაყაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ ამ განცხადებებს საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცველებიც – ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

თავად ბესო ზანგური აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გადაცემაში 5 ათასი ლარის მისაღებად მოგონილი ტყუილია და მზად არის, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

38 წლის ბესო ზანგურს ოთხი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. იგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ შვილები მისი ყველაზე დიდი განძია, მზრუნველი მამაა და მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, შვილებისთვის სულ სცალია. სულ სხვა რამე თქვა „ფარულ კონვერტში“ ნინუცა მაყაშვილმა – მისი თქმით, ზანგური მათ საერთო შვილს, რაც ზოოპარკი დაიხურა, თითქმის აღარ ნახულობს და ბოლოს ბავშვის დაბადების დღეზე ნახა რაღაც 20 წუთით.

როგორც ცნობილია, ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას საყვარელ მსახიობია და იგი მას თავის სპექტაკლებში ხშირად აკავებს. „ფარული კონვერტის“ ეთერში გასვლის შემდეგ რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და ნინუცა მაყაშვილი იმ ქალებს შეადარა, რომლებმაც 1937 წელს რეპრესიები დაიწყეს.

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!

და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს!

რეპრესიები!“ – დაწერა სტურუამ ფეისბუქზე.

ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!
და ქ ა ლ ე ბ მ ა
1937 წელი დაიწყეს!
რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!

Posted by Robert Sturua on სამშაბათი, 13 აპრილი, 2021

რეჟისორის პოსტმა ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია და მას უამრავი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა.

რამდენიმე კომენტარს რობერტ სტურუა გამოეხმაურა და თეატრიდან წასვლა დააანონსა:

„დამშვიდდი, კუდიანო ანუშკა, მე ისედაც მივდივარ და ვაცხადებ, ახმეტელი ბერიამ დახვრიტა, მე კი – გადარეულმა ისტერიჩკებმა“.

„ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოიწყვეთ ორგიები“.

„არ მაინტერესებს, მორჩა, მივდივარ, გადავიხვეწები, მშვიდად სიკვდილი მინდა“.

სოციალური ქსელის მომხმარებლები რუსთაველის თეატრს მოუწოდებენ, ბესო ზანგური თეატრიდან დაითხოვონ და თეატრის ხელმძღვანელობას ძალადობის ხელშეწყობაში სდებენ ბრალს.

რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავს და ჩვენებას მისცემს 11 წლის წინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, თეატრი მზად არის, საქმის გამოძიებამდე, ბესო ზანგურს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს.

ვითარების გარკვევამდე კი რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი „იულიუს კეისარი“. მოხსნა. სპექტაკლში ბესო ზანგური ბრუტუსის როლს ასრულებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close