იტალიაში გარდაიცვალა „ეკონომიკის ზევსი“, ევროს იდეოლოგი, ნობელიანტი რობერტ მანდელი
ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, კანადელი მეცნიერი რობერტ მანდელი (Robert Mundell), 88 წლისა, „თავის საყვარელ იტალიაში“ გარდაიცვალა. აი, როგორ იხსენებს ბრაიან დომიტროვიჩი მას „ფორბსის“ ფურცლებზე, როდესაც მის გარდაცვალებაზე წერს სტატიაში „ეკონომიკის ზევსი გარდაიცვალა“.
„მანდელი იყო თეორიული გენიის, ალგებრული და უწინარეს ყოვლისა, გეომეტრიული სიცხადის, კულტურული მგრძნობიარობისა და განუზომელი პრაქტიკული ზეგავლენის შეუძლებელი შერწყმა (amalgam)“.
რობერტ მანდელი კვირას, 4 აპრილს თავის სახლში გარდაიცვალა სანტა კოლომბაში, მონტერიჯონის მუნიციპალიტეტში (ტოსკანის რეგიონი, სიენის პროვინცია). მან იტალია საცხოვრებლად 1970-იანი წლების ბოლოს აირჩია და ბოლო 30 წლის განმავლობაში უმეტესად სიენაში ან ნიუ-იორკში ცხოვრობდა.
მისი გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. გარდაცვალებამდე მეცნიერი ტოსკანის რეგიონის საავადმყოფოში იწვა.
მანდელს ევროს იდეურ სულისჩამდგმელად მიიჩნევდნენ. მისი კვლევებით დამტკიცდა, რომ საერთო ვალუტა ხელსაყრელია რეგიონების ან ქვეყნების ჯგუფებისთვის. ამდენად, რობერტ მანდელის შეხედულებებმა ფუნდამენტური წვლილი შეიტანა ევროს, როგორც ევროპის ერთიანი ვალუტის, დაბადებაში, თუმცა მისი თეზისი მდგომარეობდა იმაში, რომ ევროპაში ვალუტების შერწყმის ოპტიმალური პირობები არ არსებობს, ამიტომ ამ დისკუსიაში მას „ევროსკეპტიკოსად“ მიიჩნევდნენ.
კანადელი ეკონომისტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამეცნიერო განყოფილებაში მუშაობდა, ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტში, ძირითადად, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში.
მანდელს 1999 წელს ნობელის პრემია მიენიჭა „სავალუტო კურსის სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში ფულადი და ფისკალური პოლიტიკის ანალიზისთვის, აგრეთვე, ოპტიმალური სავალუტო ზონების ანალიზისთვის“.
ნინო ხოშტარია
კომენტარები