fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში უკვე მესამე 4-კვირიანი მკაცრი ლოქდაუნი გამოცხადდა

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მკაცრი შეზღუდვები, რომელიც აქამდე ქვეყნის 19 დეპარტამენტში მოქმედებდა, 3 აპრილიდან, ერთი თვით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო 4 კვირის განმავლობაში შეიზღუდება გადაადგილება19:00-იდან 6:00 სთ-მდე (საღამოს 7-იდან დილის 6 საათმდე).

შაბათიდან, 3 აპრილიდან დაიხურება ყველა მაღაზია, გარდა აუცილებელი, პირველადი მოხმარების პროდუქციის მაღაზიებისა და აფთიაქებისა. აიკრძალება განსაკუთრებული მიზეზის გარეშე სახლიდან 10 კილომეტრის დაშორებით გამგზავრება. სახლიდან გასვლისას საჭირო იქნება თვითსერტიფიკატის შევსება.

საფრანგეთში საბავშვო ბაღები, სკოლები და ლიცეუმები სამი კვირით დაიხურება. სკოლები ერთი კვირით დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ, შემდეგ კი ორკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება.

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილებები რაც შეიძლება გვიან მიგვეღო. ახლა ეს აუცილებელია. ბრიტანული შტამის ვირუსი უფრო გადამდები და მომაკვდინებელია, ეს არის ეპიდემია ეპიდემიაში“, – განაცხადა 31 მარტს ვიდეომიმართვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ასევე გაამკაცრებს კონტროლსა და სანქციებს, რათა ლოქდაუნის დროს უკანონო მასობრივი შეკრებები არ დაუშვას.

ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. საერთო ჯამში, ქვეყანაში 4,6 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა  კი100 000-ს უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს გერმანიამ მთელი საფრანგეთი, ზღვისმიღმა ტერიტორიების ჩათვლით, Covid-19-ის „მაღალი რისკის“ ზონად გამოაცხადა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close