მსოფლიოიტალიაპოლიტიკა

დაძაბულობა რომსა და მოსკოვს შორის – იტალიამ რუსეთის ორი ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა

ჯაშუშობისთვის დაკავებული სამხედროები და 5 ათასი ევრო საიდუმლო მასალებისთვის

იტალიის სპეციალური ოპერატიული ჯგუფის (ROS) კარაბინერებმა გუშინ საღამოს იტალიელი და რუსი სამხედრო მოსამსახურეები დააკავეს: იტალიის სამხედრო საზღვაო ფლოტის ოფიცერი, ფრეგატის კაპიტანი  და რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი. დაკავება ჯაშუშობას და სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. 

იტალიური მედიის ცნობით, დაკავებული იტალიელი სამხედრო კაპიტნის ჩინს ატარებს, ხოლო რუსი სამხედრო იტალიაში რუსეთის საელჩოში მუშაობს, სავარაუდოდ, სამხედრო ატაშედ.

როგორც ირკვევა, ქვეყნის სპეცსამსახურები იტალიელ სამხედროს უთვალთვალებდნენ, როდესაც მას რუსი ოფიცრისთვის გადასაცემად საიდუმლო მასალები მიჰქონდა. ისინი რომში ავდოსადგომზე შეხვდნენ ერთმანეთს და ROS-ის კარაბინერებმა იმ მომენტში დააკავეს, როდესაც იტალიელი სამხედრო რუსი ოფიცრისთვის საიდუმლო მასალების ასლების გადაცემას აპირებდა 5 ათასი ევროს სანაცვლოდ.

ორივე დაკავებული ჯაშუშობაშია ბრალდებული და მათ ათ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მომხდარის გამო რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამ სკანდალთან დაკავშირებით იტალიამ რუსეთის ორი ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

„როდესაც რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ, იტალიის მთავრობის მტკიცე პროტესტი გამოვხატეთ და გადავეცით ინფორმაცია რუსეთის ორი ოფიციალური პირის გაძევებასთან დაკავშირებით, რომლებიც ამ უკიდურესად სერიოზულ საქმეში მონაწილეობდნენ. მადლობას ვუხდი დაზვერვის სამსახურს და ყველა სახელმწიფო ორგანოს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close