fbpx
ქართველები უცხოეთშისაბერძნეთისპორტი

საუკეთესო ქართველები საბერძნეთში – ქეცბაია უკონკურენტოდ დაასახელეს

საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, 31 მარტს თესალონიკში ჩატარდება

ბერძნული Contra საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული მატჩისთვის თავისებურად მოემზადა და ის ქართველი ფეხბურთელები ჩამოწერა, რომელთაც საბერძნეთის ჩემპიონატში უთამაშიათ. აღნიშნული ვებგვერდის აზრით, ქართველთაგან თემურ ქეცბაია უკონკურენტოდ გახლდათ, მის გარდა კი, კიდევ 10 ფეხბურთელი შეარჩიეს.

გიორგი რეხვიაშვილი

ცენტრალური მცველი, რომელმაც 2019 წლის იანვარში „ლევადიაკოსთან“ 1.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა, მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და კლუბი დატოვა.

ლაშა შერგელაშვილი

ქართველმა მარცხენა მცველმა 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის მარტამდე „იანინას“ მაისური 12 შეხვედრაში მოირგო.

ნიკა ნინუა

21 წლის ნახევარმცველს არაერთი ევროპული კლუბი აკვირდებოდა, თუმცა, ყველას „პაოკმა“ აჯობა და ქართველი ფეხბურთელი მომავალზე გათვლით აიყვანა. ჯერჯერობით ის ცოტას თამაშობს და სიტუაცია გუნდში პაბლო გარსიას მისვლის შემდეგაც არ შეიცვალა. ნინუამ 11 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა და ასეთი შეზღუდული დროისთვის ეს ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. „პანეტოლიკოსთან“ მატჩში გატანილი ჯარიმა ნინუას ყველაზე კარგი მომენტია: მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში შეაგდო.

ლევან ცქიტიშვილი

ევალდ ლინენის „პანიონიოსში“ მარცხენა ნახევარმცველმა დიდხანს ვერ გაძლო. 30 წლის ფეხბურთელს გერმანულ „ფრაიბურგსა“ და „ვოლფსბურგში“ დიდი დრო ჰქონდა გატარებული, თუმცა საბერძნეთში წარმატებული კარიერა ნამდვილად არ ჰქონია. მხოლოდ 21 მატჩი და 2 გოლი „ეგალეოსთან“ და „იონიკოსთან“.

დავით კვირკველია

როდესაც 2012 წლის იანვარში „პანიონიოსს“ ტოვებდა, მან განაცხადა: „თავიდანვე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ კლუბში წლები მქონდა გატარებული“. არადა, დათოს იქ 1 წელიც კი არ უთამაშია: დებიუტი 2011 წლის თებერვალში ჰქონდა, მომდევნო წლის იანვარში კი გუნდი დატოვა. მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი „პანათინაიკოსთან“ პენალტების სერიაში მოგებული სათასო მატჩი იყო.

გიორგი მერებაშვილი

ფლანგელმა ნახევარმცველმა კარიერა პოლონეთში გააგრძელა, მანამდე კი, სამ ბერძნულ გუნდში ითამაშა: „ოფის“ (2014-15) ფინანსური პრობლემების გამო დაემშვიდობა, ხოლო მოგვიანებით „ვერიასა“ და „ლევადიაკოსის“ ღირსებას იცავდა. სულ მან 46 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტად კი თავი სისწრაფითა და მუდმივი მოძრაობით დაგვამახსოვრა.

ბაჩანა არაბული

ამ ფორვარდის ბერძნული კარიერა 2019 წელს „ანიონიოსში“ დაიწყო, სადაც 30 მატჩში 6 გოლი ჰქონდა და დაახლოებით იმავე გრაფიკს მიუყვება „ლამიაშიც“ – 21 შეხვედრაში 4 გოლი. არაბული საკმაოდ მოქნილია და შეიძლება ითქვას, რომ მცველებს მასთან გამკლავება უჭირთ.

გიორგი ლორია

ის დღესაც საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარეა. 2014-15 წლებში „ოფის“ ღირსებას იცავდა, თუმცა გუნდი ლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა. გიორგი დამატება „პაოკსა“ და „ოლიმპიაკოსს“ სურდათ. საბოლოოდ, 2-წლიანი კონტრაქტი „თეთრ-წითლებთან“ გაფორმდა, თუმცა ის ისე შეწყდა, გოლკიპერს არც უთამაშია. ლორია „ოლიმპიაკოსში“ რობერტოს შემცვლელად მივიდა, ხოლოდ როდესაც პირეოსელებმა კაპინოც აიყვანეს, ცხადი გახდა, რომ ქართველს იქ აღარაფერი ესაქმებოდა.

ლევან მაღრაძე

საიმედო მარჯვენა ნახევარმცველი, რომელიც „ქსანთიში“ 2004-07 წლებში ირიცხებოდა და სათამაშო დრო ნებისმიერი მწვრთნელის ხელში ჰქონდა. მას სამნიშნა რიცხვამდე ცოტა დააკლდა (98 მატჩი ჩაატარა) და 2 გოლი გაიტანა, „ქსანთიმ“ კი ევროპულ ტურნირებზე ზედიზედ ორ სეზონში ითამაშა. მაღრაძემ 2005 წელს „არისთან“ პირველ ნახევარფინალურ მატჩში გაიტანა, თუმცა, მისმა გუნდმა ფინალში მაინც ვერ ითამაშა.

ლევან ქებაძე

საბერძნეთში მისი კარიერა, ძირითადად, „ირაკლისთან“ იყო დაკავშირებული, თუმცა „იანინაშიც“ ითამაშა, საიდანაც სასამართლო დავის შემდეგ წავიდა. საერთო ჯამში, 70 მატჩში 14 გოლი გაიტანა, მათ შორის, „აეკთან“, „პანათინაიკოსთან“ და „ოლიმპიაკოსთან“ მატჩებში.

თემურ ქეცბაია

1994 წლის ზაფხულში დუშან ბაევიჩმა 26 წლის ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ჩემპიონატიდან წამოიყვანა. ის „აეკის“ მაისურით პირველივე მატჩში დაშავდა და 2 თვე უქმად იყო, შემდეგ კი ძირითადად შეცვლაზე ჩნდებოდა. გადამწყვეტი „დოქსასთან“ თამაში გამოდგა, რომელშიც თემურმა 90 წუთი გაატარა და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად იქცა. საბერძნეთში გატარებულ სამ სეზონში მან 125 მატჩში 40 გოლი გაიტანა და ინგლისური პრემიერლიგის კლუბების ყურადღებაც დაიმსახურა („ნიუკასლსა“ და „ვულვზში“ ითამაშა). მოგვიანებით ქეცბაია მწვრთნელი გახდა, თუმცა საბერძნეთში ამ მიმართულებით ფეხი ვერ მოიკიდა. „ოლიმპიაკოსიდან“ 7 მატჩის შემდეგ დაითხოვეს, „აეკი“ კი 6 თამაშის შემდეგ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით დაუპირისპირდებიან. თამაში დღეს, 31 მარტს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ქალაქი თესალონიკი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს B ჯგუფში ორივე მატჩი წაგებული აქვს (0:1 შვედეთთან, 1:2 ესპანეთთან), საბერძნეთმა კი ესპანეთთან 1:1 ითამაშა სტუმრად და ქულის აღება მოახერხა.

წყარო: popsport.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close