fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალია მაისამდე „ჩაკეტილი“ იქნება; კიდევ სამი რეგიონი გადავა „წითელ ზონაში“, ლაციო „ნარინჯისფერში“ ბრუნდება

იტალია მაისამდე „ჩაკეტილი“ დარჩება, ორშაბათიდან, 29 მარტიდან კი კალაბრია, ტოსკანა და ვალე დ’აოსტაც დაემატება „წითელ ზონებს“ იმ 7 რეგიონსა და ავტონომიურ პროვინცია ტრენტოსთან ერთად, სადაც  მკაცრი შეზღუდვები უკვე მოქმედებს. მხოლოდ ლაციო ბრუნდება სამშაბათიდან, 30 მარტიდან „ნარინჯისფერ“ ზონაში. 30 აპრილამდე (ჩათვლით) იტალიაში „ყვითელი ზონები“ არ იქნება. ამის შესახებ „ანსა“ წერს. 

ბოლო მონაცემების (ერთ დღეში 24 ათასამდე ახალი შემთხვევა და 450 გარდაცვლილი) ფონზე მთავრობა მკაცრი შეზღუდვების ხაზს აღდგომის მერეც აგრძელებს, თუმცა სკოლების შემთხვევაში შეზღუდვები შემსუბუქდება – აღდგომის შემდეგ „წითელ ზონებშიც“ და „ნარინჯისფერშიც“ ყველა მოსწავლე მე-6 კლასამდე მერხთან სწავლას დაუბრუნდება, უფროსკლასელების შემთხვევაში კი მერხთან 50% დაბრუნდება. გაიხსნება საბავშვო ბაღებიც.

ამრიგად, 30 აპრილამდე რეგიონებს შორის გადაადგილება აკრძალული იქნება (აუცილებელი საჭიროების შემთხვევების გარდა, როგორიცაა: სამსახური, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გადაუდებელი სიტუაციები).

რესტორნები და ბარები ისევ დაკეტილი რჩება, ჯერჯერობით არ გაიხსნება სატრენაჟორო დარბაზები, აუზები, კინოთეატრები და თეატრები.

„მიღებულმა ზომებმა ინფექციის გავრცელების შენელების პირველი ნიშნები აჩვენა, თუმცა სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა.

მინისტრი ახალ დადგენილებას დღეს საღამოს მოაწერს ხელს და ის ძალაში 29 მარტიდან, ორშაბათიდან შევა.

ლაციოს რეგიონი (ადმ. ცენტრი – რომი) სამშაბათიდან, 30 მარტიდან ნარინჯისფერ ზონაში გადადის, ვენეტო კი „წითელ ზონაში“ რჩება, ინფექციის ტრანსმიისიის ინდექსის/Rt მაჩვენებლით 1,23. ამ კვირაში იტალიის საშუალო მაჩვენებელი Rt 1,08-მდე შემცირდა (წინა კვირაში 1,16 იყო), თუმცა 100 ათას მოსახლეზე 254 ახალი შემთხვევით ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა, შეზღუდვები შეამსუბუქოს.

100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით ყველაზე რთული სიტუაციაა ფრიული ვენეცია ჯულიაში, სადაც ბოლო 7 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პიემონტში – 350 და ემილია რომანიაში – 349 (შეგახსენებთ, რომ მაქსიმალური ზღვარი 250-ია). ტოსკანა 100 ათას მოსახლეზე 251 ახალი შემთხვევით „წითელ ზონაში“ გადავიდა.

სიცილიის პრეზიდენტმა ნელო მუსუმეჩიმ ხელი მოაწერა დადგენილებას სიცილიაზე 4 ახალი ლოკალური „წითელი ზონის“ შექმნის შესახებ. ესენია: ჩენტირუპე, კომიტინი, რაკალმუტო და სიკულიანა. დადგენილება ხვალ გამოვა და 6 აპრილამდე (ჩათვლით) იმოქმედებს. ამავე დადგენილებით, პალერმოს პროვინციის ორ დასახლებაში – კატავუტურიოსა და სან მაურო კასტელვერდეში „წითელი ზონის“ რეჟიმი 6 აპრილამდე გახანგრძლივდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close