fbpx
მსოფლიოკრიმინალი

4 შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული დედა შესაძლოა უდანაშაულოა – სავარაუდო მკვლელი გენეტიკაა

4 შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული კეტლინ ფოლბიგი, რომელმაც ციხეში 18 წელი გაატარა, შესაძლოა, გაათავისუფლონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ავსტრალიელი ქალი ეჭვმიტანილი მას შემდეგ გახდა, როდესაც მისი მე-4 შვილი გარდაიცვალა. კეტლინის პირველი შვილი კალები 19 დღისა დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზად ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი დასახელდა. 1990 წელს ის მეორედ დაორსულდა. სამედიცინო ტესტები აჩვენებდა, რომ პატრიკი ჯანმრთელი იყო, თუმცა 4 თვის ასაკში მას მოულოდნელად ტვინი დაუზიანდა და კრუნჩხვები დაეწყო. კიდევ ოთხი თვის შემდეგ ის გარდაცვალა. კეტლინის მესამე ქალიშვილი 10 თვისა დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზად ისევ ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი დასახელდა. როდესაც ფოლბიგის მე-4 შვილის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, პოლიციამ უკვე გამოძიება დაიწყო და 2001 წელს კეტლინი დააკავა.მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა იმისა, რომ კეტლინმა შვილები მოკლა, მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 25 წლამდე შეწყალების მოთხოვნის შეუძლებლობით. მთავარი არგუმენტი მის საწინააღმდეგოდ სამედიცინო ექსპერტის ჩვენება იყო, რომელიც ამბობდა, რომ ერთი შვილის გარდაცვალება უეცარი სიკვდილის სინდრომით ტრაგედია იყო, მეორე უკვე საეჭვო, ხოლო მესამე კი ნამდვილად მკვლელობაა.

პროკურორი აცხადებდა, რომ სამეცნიერო ფაქტებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ოდესღაც ღორი დაიბადოს, რომელსაც ფრთები აქვს, თუმცა ამის ალბათობა ნულთან ახლოსაა და, შესაბამისად, იმის შანსიც, რომ ოთხივე ბავშვი ბუნებრივად გარდაცვალა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამასთან, მტკიცებულებად გამოყენებული იქნა დღიური, სადაც კეტლინი საკუთარ თავს ადანაშაულებდა მომხდარში და შიშობდა, რომ მისი შემდეგი შვილიც მიატოვებდა. კეტლინის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა მისი ტრაგიკული წარსულიც. როდესაც ის ჯერ კიდევ 15 წლის იყო, მამამისმა დედა მოკლა და ციხეში 15 წელი გაატარა, ამიტომ ზოგიერთი კეტლინის სავარაუდო მკვლელობას ბავშვობის მძიმე ტრავმებს უკავშირებდა.

აღსანიშნავია, რომ კეტლინმა დანაშაული არ აღიარა. კეტლინის დაკავებიდან 20 წელი გავიდა, თუმცა ამ საქმის გარშემო ეჭვები ისევ არსებობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ 90-მა მეცნიერმა, მათ შორის, ორმა ნობელის ლაურეატმა, სამხრეთ უელსის გუბერნატორს მიმართა მსჯავრდებულის შეწყალების მოთხოვნით. ახალი კვლევებით დგინდება, რომ ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომი გენეტიკას უკავშირდება. ამასთან, კეტლინს და მის მეუღლეს დნმ-ში სწორედ ის გენი აღმოაჩნდათ, რომელიც ამ უიშვიათეს სინდრომს იწვევს. მსოფლიოში შესაძლოა ასეთი სულ 70-მდე ადამიანი იყოს, თანაც ორი ასეთი ადამიანის შეხვედრა წარმოუდგენელი და, ამავდროულად, ტრაგიკული დამთხვევაც აღმოჩნდა.

გენეტიკურმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ორ პატარას, დიდი ალბათობით, სწორედ გენეტიკური მუტაცია აღენიშნებოდათ, რამაც გულის დაავადება გამოიწვია, ამგვარად, შესაძლოა გახმაურებული საქმე თავდაყირა დადგეს და იმ შემთხვევაში, თუ კეტლინი ციხეს დატოვებს, ავსტრალიის ისტორიაში ეს ყველაზე საშინელი „სასამართლო“ იქნება.

კეტლინს არაერთი მხარდაჭერი ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ ის ციხეში არ უნდა იჯდეს. უამრავი ადამიანი დარწმუნებულია იმაში, რომ ქალმა, რომლის დედა თინეიჯერობაში მამამ მოკლა, შემდეგ მას ოთხი შვილი მოუკვდა, ციხეში 18 წელი გაატარა უსასტიკესი დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.

report.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close