fbpx
ისტორიასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის რევოლუციის იუბილე – AEGEAN-ის თვითმფრინავმა პელოპონესის თავზე რიცხვი 200 „დახატა“

საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავთან დაკავშირებით ავიაკომპანია Aegean-მა განსაკუთრებული მარშრუტით განახორციელა რეისი – ავიაკომპანიის თვითმფრინავმა Airbus A320-მა, პელოპონესის თავზე გადაფრენისას, radarbox-ის რუკაზე რიცხვი 200 გამოსახა, საბერძნეთის რევოლუციის 200 წლის იუბილეს პატივსაცემად. 

რეისს სიმბოლური ნომერი – “A3 1821” მიენიჭა. თვითმფრინავი ელ. ვენიზელოსის აეროპორტიდან აქაიაში გაფრინდა, იქიდან კი 200-ის გამოსახვა დაიწყო, დაახლოებით 6 კმ-ის სიმაღლეზე იმ ადგილებზე გადაფრენისას, სადაც რევოლუციამ იფეთქა და განსაკუთრებით – ძველი ოლიმპიის, კალავრიტოს, კორინთოს, არგოსის და დერვენაკიის თავზე.

ხვალ, 25 მარტს  საბერძნეთში 1821 წლის საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პარადი და ეროვნული გალერეის გახსნა გაიმართება. მაღალი რანგის სტუმრების ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიღებულია უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები: უსაფრთხოების დაცვაში ჩართულები იქნებიან 4000 პოლიციელი, 2 ვერტმფრენი, 6 დრონი, მესანგრეები ძაღლებით; სახლების სახურავებზე სნაიპერები განლაგდებიან… სამმაგი ალყა, მობილური კავშირის ჩამხშობები – ანუ სრული მობილიზება იქნება.

დილის 6 საათიდან დაიწყება ოფიციალური მარშრუტების გაწმენდა, რომელზეც სტუმრები გაივლიან, აგრეთვე, იმ ქუჩებისაც, რომლებიც პარადის და საზეიმო ღონისძიებების ჩატარების ადგილამდე მიდის.

ოფიციალურ სტუმრებს შორის იქნებიან პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე – კამილა (ისინი უკვე ჩაფრინდნენ ათენში დღეს, ელ. ვენიზელოს აეროპორტში, დაახლოებით საღამოს 6-ის ნახევარზე), რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე მიხაილ მიშუსტინი, კვირპოსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორანს პარლი.

მაღალი რანგის სტუმრები რესპუბლიკის პრეზიდენტ კატერინა საკელაროპულუსთან, პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან და მის უახლოეს გარემოცვასთან ერთად მიადევნებენ თვალს სამხედრო პარადს სინდაღმაზე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მკაცრი ზომების დაცვით, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების გარეშე ჩაივლის.

აღსანიშნავია, რომ 25 მარტს საბერძნეთში ორმაგი დღესასწაულია – დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანული დღესასწაული – ხარება.

ამავე თემაზე: რას ზეიმობს საბრძნეთი 25 მარტს?

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close