fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონი, რომელიც პუტინს საშუალებას აძლევს, კიდევ 2-ჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოთხშაბათს, 24 მარტს მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, კიდევ ორი ვადით დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა, შესაბამისად, პუტინს შეუძლია ისევ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ სააგენტო „ტასსი“ წერს.

რუსეთის კონსტიტუციის ერთ-ერთი ახალი დებულების თანახმად, საპრეზიდენტო ვადის რიცხვის შეზღუდვა, რომლის განმავლობაშიც ერთსა და იმავე პირს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დაკავება შეუძლია, მოქმედ პრეზიდენტთან მიმართებაში გამოიყენება მისი წინა საპრეზიდენტო ვადების ჩათვლის გარეშე ანუ პუტინის პრეზიდენტობის წლები „ანულირდება“ და ათვლა 2024 წლიდან, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიდან იწყება. ამგვარად, ქვეყნის ამჟამინდელ მეთაურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დაკავება კიდევ 2 ვადით შეუძლია.

დოკუმენტში გაწერილი დებულებების თანახმად, პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას რუსეთის მოქალაქე, რომელსაც უკვე შეუსრულდა 35 წელი, მუდმივად ცხოვრობს ქვეყანაში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და არც წარსულში ჰქონია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან უცხოეთში ცხოვრების უფლება. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს იმ მოქალაქეების შემთხვევაში, რომელთაც ადრე ჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქება, თუ ეს უცხო სახელმწიფო ან მისი ნაწილი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდა ფედერალური კონსტიტუციური კანონის შესაბამისად.

რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის მომავალი არჩევნები 2024 წლის 17 მარტს უნდა გაიმართოს.

დღეს მიღებულ შესწორებებამდე, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 81-ე მუხლის მესამე პუნქტი განსაზღვრავდა, რომ ერთსა და იმავე პირს არ შეუძლია დაიკავოს რუსეთის პრეზიდენტის პოსტი ერთმანეთის მიყოლებით 2 ვადაზე მეტი ხნით. ეს ნიშნავდა, რომ ვლადიმირ პუტინს, რომელიც პირველად 2012 წელს აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტად, ხოლო შემდეგ კი, მეორე ვადით – 2018 წელს, მომავალ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებოდა. ახლა პუტინს შეუძლია, 2036 წლამდე დაიკავოს ეს თანამდებობა.

2021 წლის თებერვალში „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 41%-ს არ სურს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად ხილვა 2024 წლის შემდეგ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close