იტალიაპოლიტიკა

იტალია: ჯუზეპე კონტეს წყალობით „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა

დემოკრატიული პარტიის ახალი ლიდერი ენრიკო ლეტა მომავალი არჩევნებისთვის მემარცხენე ცენტრისტული ალიანსის შექმნაზე მუშაობას იწყებს

ჯუზეპე კონტეს მიმართ გაკეთებულმა შეთავაზებამ და კონტეს თანხმობამ, სათავეში ჩაუდგეს „5 ვარსკვლავის მიძრაობას“, პარტიის რეიტინგი მკვეთრად გაზარდა. ასეთია Euromedia-ს კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ La Stampa-ს დაკვეთით ჩაატარა. რეიტინგი 2 დღის წინ გამოქვეყნდა

ამ კვლევამ დაადასტურა იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც რამდენიმე დღის წინ Demos-მა ჩაატარა La Repubblica-ს დაკვეთით.

კონტეს პირადი მაღალი ნდობის წყალობით, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ რეიტინგმა 17,2%-ს მიღწია, ამ მაჩვენებლით პარტიამ გაუსწრო „იტალიის ძმებს“ (16,7%) და დემოკრატიულ პარტიას (16,5%) და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მეოთხე პოზიციიდან, რომელსაც პარტია სულ რაღაც ერთი თვის წინ იკავებდა. რეიტინგში პირველ ადგილზე კვლავ სალვინის მემარჯვენე ცენტრისტული „ლიგა“ (22,9%) რჩება.

დემოკრატების რეიტინგი, როგორც ცნობილია, მათი ლიდერის, ნიკოლა ძინგარეტის წასვლის შემდეგ მკვეთრად დაეცა. ახლა დემოკრატიულ პარტიას ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2013 წლის 24 აპრილიდან 2014 წლის 14 თებერვლამდე) ენრიკო ლეტა ჩაუდგა სათავეში, რომელიც თავმჯდომარედ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე 14 მარტს აირჩიეს.

ჯუზეპე კონტეს ფაქტორი ენრიკო ლეტასთვის ოპტიმიზმის საფუძველია მომავალი, 2023 წლის არჩევნებისთვის „5 ვარსკვლავის მოძრაობასთან“ მემარცხენე ალიანსის შესაქმნელად და გასამარჯვებლად. მისი თქმით, მემარცხენე ლიბერალები უნდა გაერთიანდნენ მემარჯვენეების – „ლიგისა“ და „იტალიის ძმების“ წინააღმდეგ, რომლებიც ახლა დაპირისპირებულები არიან (როგორც ცნობილია, „ლიგა“ მარიო დრაგის ახალი, „ფართო მთავრობის“ კოალიციაშია, ხოლო ჯორჯა მელონის „იტალიის ძმებმა“ კოალიციაში შესვლა და დარაგის მხარდაჭერა არ ისურვეს). ამის შესახებ ლეტამ რომში უცხოური მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ენრიკო ლეტა, რომი, 12 მარტი, 2021. ANSA/ANGELO CARCONI

ენრიკო ლეტას თქმით, დემოკრატიული პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობასთან“ დილოგს დაიწყებს ალიანსის შესაქმნელად. „უახლოეს დღეებში კონტეს შევხვდები“, – განაცხადა PD-ს ახალმა ლიდერმა. მისი განმარტებით, ეს იქნება „ფართო და მკაფიოდ ფორმულირებული, მომგებიანი ველი“. იგი აპირებს შეხვდეს არა მარტო კონტეს, არამედ სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებსაც. მისი თქმით, კარგად ესმით, რომ მომავალი არჩევნებისთვის მემარჯვენეები, სალვინი და მელონი („ლიგა“ და „იტალიის ძმები“) გაერთიანდებიან, თუმცა „ახლა ისინი დაპირისპირებულები არიან“ და „ეს წინააღმდეგობები აფეთქდება“.

„მე აქ ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ დემოკრატიული პარტია თავს გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში სამთავრობო პროგრამით და [აქ ვარ] დემოკრატიული პარტიის მეთაურობით მემარცხენე ცენტრისტული ალიანსის მოსამზადებლად, რომელიც 2023 წლის არჩევნებს მოიგებს. ეს უცილობელი პერსპექტივაა“, – განაცხადა ენრიკო ლეტამ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close