აზიარებენ თუ არა ვაქცინირებულ მრევლს – განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მღვდელმთავრებს მიმართა და ეკლესიას მოუწოდა, ექიმებს გვერდით დაუდგნენ, რათა ვაქცინაციის სიკეთის შესახებ ადამიანების ნდობა გაიზარდოს.
გამყრელიძის თქმით, ჯერ კიდევ ეპიდემიის დასაწყისში ეკლესიამ მოსახლეობის დამყოლობაში დიდი როლი ითამაშა.
„კარგად მოგეხსენებათ, ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს. ვაქცინაციის სიკეთე სწორედ მეცნიერულად არის დადასტურებული და გამოსცადა კაცობრიობის ისტორიამ. ძალიან გთხოვთ, გვერდით დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში – ექიმზე უფრო ძლიერ. გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშროლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის. ყოველთვის ასეა და დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, ერთად სასურველ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამ მიმართვას გამოეხმაურა და თქვა, რომ სასულიერო პირები ადამიანებს თავისუფლებას არ შეუზღუდავენ.
როგორც მიტროპოლიტმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია არასაკმარისია და, რაც მთავარია, თქვა,რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ზიარებაზე გავლენას არ მოახდენს.
„ვერ ჩავერევით ამაში ვერანაირად, იმიტომ რომ ჩვენი მხარე რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ადამიანებს თავისუფლებას არ შევუზღუდავთ. თუ აიცრება ადამიანი, ვაზიარებთ და თუ არ აიცრება, ვაზიარებთ. აიცრა თუ არა, ზიარებაზე არ მოახდენს გავლენას. უნდა მოვიპოვოთ ინფორმაცია, ბატონმა ამირანმაც და ხელისუფლებამაც უნდა მოგვაწოდოს. ერთი სიტყვა – „ასტრაზენეკა“ საკმარისი არაა. უნდა იყოს საუბარი, რას მოგვიტანს ვაქცინაცია. აღარასოდეს არაფერი არ დაგვემართება, იოლად გადავიტანთ, გადამდები აღარ ვიქნები, ამაზე საერთოდ არაა ინფორმაცია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები