საბერძნეთი: საცალო ვაჭრობა 29 მარტამდე მთლიანად აღდგება
22 ან, ყველაზე გვიან, 29 მარტს საბერძნეთში საცალო ვაჭრობა მთლიანად განახლდება, – ამის შესახებ განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა ადონის გეორგიადისმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მთავრობის მიზანია ეკონომიკური აქტივობის თანდათანობითი აღდგენა.
გეორგიადისმა «Παραπολιτικά 90,1»-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მაღაზიები იმუშავებენ ჩვეულებრივ რეჟიმში და არა click away-ს ფორმით. მოქალაქე გაგზავნის ცარიელ sms შეტყობინებას 13032-ით – ახალი დანართის მეშვეობით, რომელიც უკვე მოამზადა ციფრული მთავრობის სამინისტრომ – და მიიღებს დადასტურებას, რომ შეუძლია საყიდლებზე წასვლა. მოქალაქეებს ამისთვის ექნებათ 3 საათი დღეში ერთჯერადად, რადგანაც თუ მეორედ ეცდებიან სმს-შეტყობინების გაგზავნას, მიიღებენ პასუხს, რომ ამ მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დღეში.
მინისტრის განცხადებით, 15 აპრილიდან იგეგმება რესტორნების, კაფე-ბარების და ტავერნების გახსნა, რომლებიც ღია სივრცეში გაუმასპინძლდებიან კლიენტებს, თუმცა, მისივე თქმით, „ყველაფერი დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის კურსზე“.
ასე რომ, 5-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ სარესტორნო ბიზნესი, სავარაუდოდ, ისევ განაახლებს მუშაობას.
ELSTAT-ის ინფორმაციით, ამ სექტორმა 2020 წელი 2,28 მილიარდი ევროს ზარალით დაასრულა და 2019 წელთან შედარებით ბრუნვა, საშუალოდ, 37,7%-ით შემცირდა.
რაც შეეხება სტატისტიკას, გასულ 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 3181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მთლიანობაში კი ინფიცირების მაჩვენებელი 209 462-ს აღწევს; გარდაიცვალა 46 პაციენტი (სულ – 6843), გამოჯანმრთელდა 179672 ინფიცირებული. ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად ვირუსი ატიკის რეგიონში ვრცელდება, რისი მიზეზიც, ადონის გეორგიადისის თქმით, ბრიტანული შტამია.
ნინო ბაჯელიძე
დაგაინტერესებთ: საბერძნეთის განვითარების და ინვესტიციების მინისტრი: „მსურს დავეხმარო ბერძნულ-ქართულ ურთიერთობათა განმტკიცებას“
კომენტარები