პოლიტიკაპოლიტიკაინტერვიუსაბერძნეთისაქართველო

საბერძნეთის განვითარების და ინვესტიციების მინისტრი: „მსურს დავეხმარო ბერძნულ-ქართულ ურთიერთობათა განმტკიცებას“

ინტერვიუ საბერძნეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრთან, ბატონ ადონის გეორგიადისთან.

ბატონო ადონის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველი კულტურის მქონე საზოგადოების წარმომადგენელს და, აგრეთვე, როგორც პოლიტიკოსს, გჯერათ თუ არა ევროკავშირის აუცილებლობის?

ევროპა ძველი ბერძნული კულტურის გაგრძელებაა. დიას (ზევსის) მიერ ევროპის დაპყრობის მითი ცნობილია. ჩემი პოლიტიკური მრწამსი მხოლოდ საბერძნეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უკავშირდება, რომელიც წარმოადგენს ევროპული კულტურის საფუძველს, ამიტომ, როგორც საბერძნეთის მოქალაქეს და, ამავდროულად, ამ კონტინენტისაც, ღრმად მწამს ევროკავშირის აუცილებლობა ყველა სფეროში: ეკონომიკის, საზოგადოების, კულტურის, ცხოვრების წესის, როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოების თავისუფლების, გეოპოლიტიკისა და გეოსტრატეგიული მიმართულებით.

როგორია თქვენი მოსაზრება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

საქართველო ხშირად აღწერილია, როგორც „საუკეთესო“ აღმოსავლეთის პარტნიორებში, ურთიერთობებში დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის. საქართველოს სტრატეგიული გზის არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, მას აქვს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. ჩემი ქვეყანა ყოველმხრივ მხარს უჭერს საქართველოს თანამშრომლობას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან (ევროკავშირსა და ნატოსთან) და ხელს უწყობს იმაში, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა იმ თანამედროვე რეფორმების გატარებისა და იმპლემენტაციისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს.

თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა, ძირითადად, კრიზისი საბერძნეთში?

თუ ყურადღებით დავაკვირდებით წარსულში მომხდარ ყველა მოვლენასა და სიტუაციას, საბერძნეთის კრიზისს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ღრმა პოლიტიკური და სოციალური ფესვებიც ჰქონდა. პოპულიზმმა პრობლემა უფრო გაართულა, ხოლო „სინამდვილის“ რეალობისგან დაშორებამ ხელი შეუშალა არსებული მდგომარეობის სწორ, ლოგიკურ შეფასებას. რეცესიის ინტენსივობა განპირობებული იყო იმ მყიფე, არამყარი საფუძვლით, რომელზედაც დაფუძნდა კეთილდღეობის წლების დროს არსებული ზრდა… მაგრამ ეს ყველაფერი წარსულშია, 7 ივლისს საბერძნეთმა ეს ფურცელი გადაშალა. ჩვენ წარსული უკან მოვიტოვეთ და მყარი ნაბიჯებით მივაღწევთ შემდეგ მიზანს – განვითარება ყველასათვის!

როგორც ჩვენთვის ცნობილია, საბერძნეთის ეკონომიკა დიდწილად ტურიზმს ეყრდნობა. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა მთავრობების დონეზე?

ტურიზმი რთულ პერიოდში დაგვეხმარა ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაში და აშკარაა, რომ საბერძნეთს შეუძლია დაეხმაროს, უზრუნველყოს საქართველო თავისი ცოდნის, სიახლეების გაზიარებით, რადგან საქართველო უმშვენიერესი ქვეყანაა, ულამაზესი ბუნებით, მწვანე სივრცით; მას აქვს ყველა ბუნებრივი პოტენციალი ტურიზმის განვითრებისთვის, ის თანდათანობით უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

საბერძნეთს აქვს გლობალური ტურიზმის ძალა და აშკარაა, რომ ჩვენ ტურიზმის ძალას აღვიქვამთ, როგორც ეკონომიური ზრდის ბერკეტს (მიგვაჩნია, რომ ტურიზმის ძალა არის შესანიშნავი ინსტრუმენტი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად).

2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზის გაუქმება, უვიზო მიმოსვლა, თავისთავად, იწვევს ტურიზმის ზრდას, ხელს უწყობს ორ ხალხს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას, მაგრამ ასევე ხელს უწყობს სერიოზული და სტაბილური ბიზნეს-პარტნიორობის მიღწევას. ტურიზმის როლს ხალხებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ტურიზმი ეხმარება ხალხებს ერთმანეთთან დაახლოებაში, ერთმანეთის გაცნობასა და პატივისცემაში. ამ დროისთვის საუკეთესო გამოსავალია ორი ქვეყნის ტურისტული სააგენტოების თანამშრომლობა.

დღეს საქართველო 5-6 ქვეყანას შორისაა მეწარმე ინვესტორების დაბალი დაბეგვრისა და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. გაქვთ რაიმე მოსაზრება ან შემოთავაზება ბერძენი ბიზნესმენების წახალისების მიმართულებით, რათა მათ საქართველოში ინვესტიცია განახორციელონ? და რომელ სფეროებში?

დღეისათვის საქართველოში ცოტა ბერძნული საინვესტიციო და სავაჭრო კომპანია საქმიანობს და ისინი, ძირითადად, ვაჭრობის სფეროში მუშაობენ (მზა ბეწვი, საკვები, სამშენებლო მასალები). ამასთან, გვინდა გავზარდოთ ბერძნული ბიზნესის არსებობა საქართველოში, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებობს კარგი მუშახელის პოტენციალი, ღირსეული ადამიანები, რომელთაც სურთ პროფესიონალურად იმუშაონ. საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩოები ხელს უწყობს ორ მხარეს შორის საინვესტიციო პროექტების პოპულარიზაციას, ასევე, უნდა წახალისდეს საქმიანი შეხვედრები საქართველოსა და საბერძნეთში. ჩვენი პრიორიტეტული სფეროებია სოფლის მეურნეობა (სოფლის მეურნეობა / წარმოება), მშენებლობა და ტურიზმი და ჩვენ ველოდებით ინვესტირებას ამ სფეროებში.

ჩვენ ასევე დაინტერესებულები ვიქნებით მჭიდრო თანამშრომლობით განახლებადი ენერგიის და გარემოს განვითარების სფეროში (ფოტოელექტრული, ქარის ტურბინები, ეკოლოგიური ინდუსტრიული და ეკონომიკური განვითარება, ზოგადად), ასევე ნოუ-ჰაუს და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდებაში სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტელეკომუნიკაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, განათლებისა და ტრენინგების სფეროში. საბერძნეთის ბიზნესსაზოგადოება მზადაა საქართველოს შესთავაზოს თავისი მომსახურება ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანია ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება საქართველოსა და საბერძნეთს შორის. მე ნამდვილად მსურს დავეხმარო ბერძნულ-ქართულ ურთიერთობათა განმტკიცებას ბიზნესპარტნიორობის ინიციატივების მხარდაჭერით და წახალისებით.

რაც შეეხება კულტურას: თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გაძლიერდეს ბერძნულ-ქართული კულტურული ურთიერთობა?

1994 წელს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. უამრავი შესაძლებლობა არსებობს ჩვენი ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გასაძლიერებლად. მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ელინიზმის თანაარსებობა საქართველოში და ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს, გაღრმავდეს ჩვენი კულტურული თანამშრომლობა.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველები კომუნიკაციის ხიდია კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ტარდებოდა კულტურული ღონისძიებები (ღონისძიებები „არგოს“ და ოქროს საწმისის თემებზე). თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, არქეოლოგებთან, ტელევიზიასთან, კულტურულ ასოციაციებთან, ხელოვანებთან (მომღერლები, მხატვრები და ა. შ.), სპორტულ გუნდებთან და ა. შ. გარდა ამისა, შესანიშნავი იქნება დაიწყოს პარტნიორი უნივერსიტეტების, სკოლების, ქალაქების, სპორტული გუნდების და ა. შ. ურთიერთობების დამყარება. ამასთან, საქართველოს ათენის ინსტიტუტი, რომელიც 1997 წლიდან ფუნქციონირებს, ბერძნული და ქართული კულტურების შესწავლას უწყობს ხელს.

პირადად თქვენ რა აზრის ხართ იდეაზე, რომ საქართველოში ბერძნული უნივერსიტეტების ფილიალები გაიხსნას (ბერძნულ, ინგლისურ ან ქართულ ენაზე) ბერძენი და ნებისმიერი სხვა წარმოშობის სტუდენტებისათვის?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1997 წლიდან თანამედროვე ბერძნული, ბიზანტიური და კლასიკური კვლევების სკოლა ფუნქციონირებს, რასაც ძალიან დადებითად ეხმაურებიან ქართველი სტუდენტები, მაგრამ იდეა, რომელსაც ახლა გვთავაზობთ, კიდევ უფრო უკეთესია და შეიძლება განხილულ იქნას ორმხრივი საგანმანათლებლო პროგრამის კონტექსტში, მოსაზრებების გაცვლით, საგანმანათლებლო პროგრამა ორი მხარისათვის.

რამდენად საინტერესოა თქვენთვის საქართველოში დაწყებული ერთობლივი ბერძნულ-ქართული არქეოლოგიური გათხრები?

პირადად მე ვეთანხმები და ძალიან მოხარული ვარ, რადგან პროფესიით ისტორიკოს-არქეოლოგი გახლავართ. ერთობლივი პროექტების განხორციელება საქართველოში, თანამშრომლობა არქეოლოგიური გათხრების დროს და მუზეუმებს შორის, დასტური საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის არსებობისა საქართველოში კიდევ უფრო დაახლოებს საბერძნეთსა და საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიწა ჯერ კიდევ მრავალ განძს ინახავს, რომელთა აღმოჩენა სახელს გაუთქვამს საქართველოს მთელ პლანეტაზე.

რამდენად საინტერესოა თქვენთვის იდეა საქართველოსა და საბერძნეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ (ერთობლივი სასწავლებლები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ერთობლივი მონაწილეობა და ა. შ.)?

ძალიან კარგი იდეაა და, რაც მთავარია, ძალიან სასარგებლო ორივე ქვეყნისათვის. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკება სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების თაობაზე. როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, მაშინ შეგვიძლია განვიხილოთ სამხედრო თანამშრომლობის ნებისმიერი შესაძლებლობა და არა მხოლოდ სამხედრო, არამედ მრავალი სხვა მიმართულებითაც.

საბერძნეთსა და საქართველოს აქვთ ერთნაირი ეროვნული პრობლემა – უცხო ქვეყნების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. როგორ ფიქრობთ, რა წვლილი შეიძლება შეიტანოს საბერძნეთმა ამ საკითხის გადაწყვეტაში?

საბერძნეთი მხარს უჭერს შეთანხმებას, მშვიდობიანი გზით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკებების კონტექსტში. ამასთანავე, საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე, პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს. ზემოაღნიშნული საკითხების მოგვარების ძირითადი პირობაა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სრული დაცვა.

ხართ ნამყოფი საქართველოში დამოუკიდებლად, ან როგორც პოლიტიკოსი, ოფიციალური ვიზიტით?

სამწუხაროდ არა, მაგრამ მსურს საქართველოს მონახულება. თბილისი განსაკუთრებული სილამაზის დედაქალაქია, საქართველო კი მშვენიერი ქვეყანაა, ღრმა ისტორიით და ტრადიციებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, უნიკალური არქიტექტურით და საბერძნეთთან უძველესი კავშირებით.

დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ და საინტერესო საკითხებზე გვესაუბრეთ.

ესაუბრა ნინო ბაჯელიძე

ფოტო: www.famousfix.com
ადონის გეორგიადისი მეუღლესთან, ევგენია მანოლიდუსთან ერთად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close