მსოფლიოპოლიტიკა

სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სამი წელი მიუსაჯა

სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და მოსამართლის მოსყიდვის მცდელობაში და მას 3 წელი მიუსაჯა, საიდანაც 2 წელი პირობითია, ერთი კი – რეალური. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ნიკოლა სარკოზის შეუძლია ეს ერთი წელი შინაპატიმრობაში გაატაროს და ელექტრონული სამაჯური გაიკეთოს, ციხეში ჩაჯდომის ნაცვლად.

იგივე განაჩენი გამოუტანეს სარკოზის ადვოკატს ტიერი ერცოგს, რომელსაც დამატებით 5 წლით აეკრძალა საადვოკატო საქმიანობა.

გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რასაც სარკოზი აპირებს კიდევაც. 66 წლის ექსპრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამ ყველაფერს პოლიტიკური ოპონენტების მიერ მის დევნად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ სარკოზის ამჟამად განაჩენი გამოუტანეს მოსამართლე (ახლა უკვე ყოფილი) ჟილბერ აზიბერის მოქრთამვის მცდელობის საქმეზე. 2020 წლის 8 დეკემბერს საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, საიდანაც 2 წელი შესაძლოა პირობითი ყოფილიყო. ბრალდების მტკიცებით, პრეზიდენტად ყოფნის დროს სარკოზი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა ლილიან ბეტანკურის შემოწირულობების შესახებ გამოძიების მსვლელობაზე და მოსამართლე ჟილბერ აზიბერს, თავისი ადვოკატის მეშვეობით, დაწინაურებას და მონაკოში „თბილ ადგილს“ დაჰპირდა თავისი პარტიის წინასაარჩევნო დაფინანსების გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სანაცვლოდ.

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიების ფარგლებში გამომძიებლებმა ნიკოლა სარკოზის სატელეფონო საუბრების მოსმენა დაიწყეს. როგორც გაირკვა, იგი თავის ადვოკატს სხვა სახელზე დარეგისტრირებული მობილური ტელეფონებით ესაუბრებოდა.

ნიკოლა სარკოზი, რომელიც საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო 2007-იდან 2012 წლამდე, პირველი ექსპრეზიდენტია ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, რომელიც საბრალდებო სკამზე იჯდა და რეალური პატიმრობა მიუსაჯეს.

მანამდე, 2011 წელს გაასამართლეს კიდევ ერთი ექსპრეზიდენტი – ჟაკ შირაკი, რომელიც დამნაშავედ ცნეს პარიზის მერად ყოფნის დროს თავისი მეგობრების ფიქტიურ თანამდებობებზე დანიშვნაში, თუმცა შირაკი ავადმყოფობის გამო ბრალდებულის სკამზე არასდროს მჯდარა და მას დაუსწრებლად მიუსაჯეს 2 წელი პირობითი სასჯელი.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close