მედიცინასაქართველო

რატომ აპირებს საქართველო, „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს

საქართველოში Covid-19-ის ვაქცინა ჯერ არ შემოსულა და ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ამბობენ, როდის შემოვა. საქართველოში პირველად Pfizer-ის ვაქცინა უნდა შემოსულიყო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო ამ ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო მუშაკის ასაცრელად იქნებოდა განკუთვნილი.

ერთ-ერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა „კოვაქს“ პლატფორმის პასუხი იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა. როგორც მედიასაშუალება წერს, „კოვაქს“ პლატფორმაში განუცხადეს, რომ თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ, განმარტებისთვის, თუ რატომ მიაწოდეს ქართულ მედიაგამოცემას ასეთი [მცდარი] ინფორმაცია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა „კოვაქს“ პლატფორმას. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არ გამორიცხა, რომ სამინისტრომ „კოვაქს პლატფორმას” უჩივლოს.

„ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა „კოვაქს“ პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი, რატომ ჰქონდა „ინტერპრესნიუსს“ მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ „კოვაქს“ პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან წერილობით, რომ ჩვენ რაიმე სახის შეცდომა დავუშვით ან დროული პასუხი არ გავეცით, კომუნიკაციის წერილებში მსგავსი პასუხი არასდროს მოსულა.

„კოვაქს“ პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ, ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ „კოვაქსს“ პლატფორმას უჩივლა. ამ ეტაპზე, ველოდებით ჯერ მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ საჭირო კომუნიკაციას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-“ის გადაცემა „დღის კურიერის“ ეთერში.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ საქართველომაც „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამასაც არ გამორიცხავს.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან  გამომდინარე, ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია. ამას ჯანდაცვის სამინისტრო არ დაუშვებს. ჩვენ არ გავხდებით იმის მიზეზები, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ იმით, რაც არის ჩვეულებრივი ბრალდება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს,რომ „კოვაქს“ პლატფორმის გარეშე საქართველოს დაჯავშნული აქვს 100, 150, 500 ათასი და მილიონი დოზა ვაქცინა. მიუხედავად ამისა, ის ვერ ასახელებს თარიღს, როდის შემოვა ვაქცინის ეს პარტიები ქვეყანაში.

„ჩვენ მწარმოებლებს ვესაუბრებოდით და დღესაც ვესაუბრებით. სწორედ ეს არის გარანტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „კოვაქსის“ მიღმა, სადაც ჩვენ დაჯავშნილი გვაქვს ჩვენი მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციის დოზები, ამის მიღმა ჩვენ დამატებით გვაქვს მოლაპარაკებები და ეს მოლაპარაკებები უკვე საკმაოდ წინ წასული მოლაპარაკებებია ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც დღეს აკრედიტირებული და აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. ასევე, ისეთ ვაქცინებზე, რომლებსაც დღესდღეობით მხოლოდ FDA-ს აკრედიტაცია აქვს. ამ პლატფორმებზე ჩვენ დაჯავშნილი გვაქვს, შეგიძლიათ ჩაინიშნოთ და შემდეგ შემახსენოთ ეს დოზირებები. 150 000 დოზა, 100 000 დოზა, 500 000 დოზა და მილიონი დოზა ჩვენი მოსახლეობისთვის“,– ამბობს ტიკარაძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მისივე განცხადებით, მოსახლეობას არალიცენზირებადი ვაქცინით არ აცრიან. ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანა კატეგორიულად არ განიხილება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close