fbpx
კულტურასაქართველო

CNN-მა ქართული ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო წვნიანების ოცეულში შეიყვანა – რეიტინგული კერძის რეცეპტი

CNN-მა 27 თებერვალს გამოაქვეყნა მსოფლიოში საუკეთესო 20 წვნიანის რეიტინგი, რომელთა შორის ქართული ხარჩოც მოხვდა.

„საქონლის ხორცითა და ნიგვზით მომზადებული ტრადიციული ხარჩო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია საქართველოში“, – წერს გამოცემა.

„ქლიავის, რომელსაც ტყემალს უწოდებენ, სოუსი გამოხატულ პიკანტურ გემოს აძლევს ამ ტრადიციულ წვნიანს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საყვარელი საჭმელია. ის მომზადებულია მკვახე ქლიავისაგან [ტყემალი – რედ.], რომლის მჟავე გემო საქონლის ხორცის და დაქუცმცებული ნიგვზის ცხიმს აბალანსებს. წვნიანის არომატული დარტყმაა სანელებლების ნარევი – ხმელი სუნელი, ქინძი, ქონდარი, ცერეცო, შავი პილპილი და სხვ“, – ნათქვამია კერძის აღწერაში.

CNN Travel-ის რეიტინგში, ასევე, შესულია უკრაინული ბორშჩი, პორტუგალიური კალდო ვერდე, ნიგერიული ბანგა, იაპონური ტონკოცუ რამენი, ფრანგული ბუიაბესი, ესპანური გასპაჩო, მექსიკური მენუდო და სხვ.

მანანა ბანძელაძე

ხარჩო

ხარჩოს ყველა დიასახლისი თავისებურად ამზადებს, მაგრამ ტრადიციული ხარჩოს რეცეპტი ერთია და განუმეორებელი. nostal.ge გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც დამზადებულმა კერძმა, სავარაუდოდ, დაიმსახურა CNN Travel-ის გურმან ექსპერტთა მოწონება.

საჭირო ინგრედიენტები:

1 კგ საქონლის ( ბატკნის)  ნეკნები  ან მკერდის ხორცი

2 თავი ხახვი

1 ცალი სტაფილო

ნიორი 3-4 კბილი

1 ცალი დაფნის ფოთოლი

5-6 ცალი პამიდორი

80 გ გატარებული ნიგოზი (სურვილისამებრ)

ნახევარი ჭიქა ბრინჯი

ქინძი, ოხრახურში, ნიახური

მშრალი აჯიკა – გემოვნებით

ტყემალი ან ტყლაპი

მარილი – გემოვნებით

მწიკვი ქონდარი, ხმელი სუნელი, ზაფრანა.

მომზადების წესი:

გარეცხილი, გასუფთავებული ხორცი ცივ წყალში მოვხარშოთ. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი.

ბულიონში ჩავამატოთ სტაფილო, დაფნის ფოთოლი, ქინძისა და ოხრახურშის ღეროების  კონა (წინასწარ შევკრათ ძაფით), 1 გაფცქვნილი მთლიანი ხახვი, მარილი, შავი წიწაკის მარცვლები.

ქვაბს თავი დავახუროთ, ცეცხლს დავუწიოთ და 1 საათი ვხარშოთ.

მოხარშული ხორცი ქვაბიდან ამოვიღოთ, ბულიონის წვენი გავწუროთ.

სუფთა ბულიონის წვენში მოვხარშოთ ბრინჯი.

ხორცი გავაცივოთ, ძვლები გამოვაცალოთ და წვრილად დავჭრათ.

ხახვი წვრილად დავჭრათ.

პომიდორი გავხეხოთ ან კანი გავაცალოთ და კუბებად დავჭრათ.

ღრმა ტაფაში ჩავასხათ ბულიონის ცხიმი (ან ცოტაოდენი ზეთი) და მასში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხორცი და ისიც ვშუშოთ ხავხთან ერთად.

ხორცს დავუმატოთ კუბებად დაჭრილი პომიდორი, 1 სუფრის კოვზი ტყემალი და სუნელები, დაჭრილი ნიორი, სურვილისამებრ ჩავყაროთ გატარებული ნიგოზი. ცეცხლს დავუწიოთ და ხორცის მოშუშვა გავაგრძელოთ.

ხორცი გადავიტანოთ ბულიონში, წამოვადუღოთ. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, მარილი გემოვნებით და გამოვრთოთ. კერძი მზადაა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close