მსოფლიო

სანაპიროზე გამორიყული 330 ათას აშშ დოლარად შეფასებული უიშვიათესი ნარინჯისფერი „გამართლება“

ტაილანდის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნაკჰონ სი ტამარატში მოსახლე მეთევზეებმა სიამის ყურის მახლობლად მდებარე სანაპიროზე ნიჟარების შეგროვებისას 330 ათასი აშშ დოლარის ღირებულების უიშვიათესი ნარინჯისფერი მარგალიტი აღმოაჩინეს, რომელმაც, შესაძლოა, მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

37 წლის ჰატჩაი ნაიომდეჩა მასზე 3 წლით უმცროს ძმასთან, ვორაჩატთან ერთად ძვირფას მინერალურ წარმონაქმნს მიმდინარე წლის 27 იანვარს სრულიად შემთხვევით გადააწყდა. ძმებმა ნაპირზე გამორიყული, მიტოვებული ტივტივა შენიშნეს, რომელზეც მოლუსკები იყო მიკრული და მათი საკვებად გამოყენება გადაწყვიტეს. განსაკუთრებული შეფერილობის მარგალიტი მეთევზეების 60 წლის მამამ, სახელად ბენგმადმა მოგვიანებით, პროდუქტის გასუფთავებისას, მელოს სახეობის ზღვის ლოკოკინის ერთ-ერთ ნიჟარაში აღმოაჩინა.

„ცოტა ხნით ადრე თეთრებში გამოწყობილი გრძელულვაშიანი კაცი დამესიზმრა, რომელმაც მითხრა, რომ სანაპიროზე საჩუქარი მელოდა. ვფიქრობ, სწორედ მან მიმიყვანა მარგალიტამდე. მას რაც შეიძლება ძვირად გავყიდი. მჯერა, რომ აღებული თანხა არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებას, არამედ ბედისწერასაც შეცვლის და მთლიანი ოჯახისთვის უკეთესი პირობების შექმნაში დამეხმარება “, – განაცხადა ჰატჩაი ნაიომდეჩამ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ძმების მიერ ნაპოვნი მარგალიტი 7,68 გრამს იწონის, მისი დიამეტრი კი დაახლოებით 18 მილიმეტრს შეადგენს. როგორც წესი, მსგავსი ნარინჯისფერი ან მოყავისფრო მინერალური წარმონაქმნები სამხრეთ ჩინეთისა და ანდამანის ზღვებში მობინადრე მოლუსკებში გვხვდება. მას ფორმირებისთვის ჩვეულებრივზე მეტი დრო ესაჭიროება და საკმაოდ ძვირადაც ფასობს. ტაილანდურმა ოჯახმა მარგალიტის სანაცვლოდ არასაკმარისი თანხის შეთავაზების გამო უარით უკვე ორი მსურველი გაისტუმრა. ის წილად, სავარაუდოდ, ჩინელ მყიდველს ერგება, რომელიც 330 ათასი აშშ დოლარის გადახდას აპირებს.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close