მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიაში კარანტინი 7 მარტამდე გახანგრძლივდა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და ფედერალური მიწების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული კარანტინი 7 მარტამდე გახანგრძლივდა. ამის აუცილებლობაზე მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ისაუბრა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს

მერკელმა განაცხადა, რომ კმაყოფილია ინფექციის გავრცელების ტემპის შენელებით, თუმცა, ამავე დროს, ხაზი გაუსვა იმას, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციები ჩნდება, რამაც ეპიდემიის ახალი აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს.

„პოლიტიკოსებს უფლება არ აქვთ, ერთი დღითაც გაახანგრძლივონ ლოქდაუნი, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ არც მისი უპასუხისმგებლო გაუქმების უფლება აქვთ“, – განაცხადა მერკელმა.

კანცლერის თქმით, გერმანიაში შეზღუდვები დემოკრატიის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა ძალაში რჩება, პირველი მარტიდან შესაძლოა სილამაზის სალონები გაიხსნას.

რაც შეეხება სწავლას, ფედერალური მიწების ხელმძღვანელები, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად, ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლად, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას თავიანთ მიწებზე სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაობის განახლების შესახებ.

დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ გერმანიაში დაკეტილია მაღაზიები, გასართობი ცენტრები. კაფეები და რესტორნები კი ნოემბრიდან მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობენ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 311 297 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 63 979 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით უკვე მილიონ 25 ათასამდე  ადამიანია აცრილი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close