fbpx
არტისტი

„რაც ძალიან მინდოდა, სულ რამდენიმეჯერ მაქვს დადგმული“ – მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 100 წელი გავიდა (ვიდეო)

მას უნდოდა, მის გვერდით გიჟები ყოფილიყვნენ...

„მიყვარს ყველანაირი ფარდა: მსუბუქი და მძიმე, ჰაეროვანი და უხეში… მიყვარს თეატრალური კოსტიუმები, ნიღბები, გრიმი, ცხვირები, წვერები. მიყვარს განათება იმიტომ, რომ ყოველივე ეს ჩემი თავისა და სხვების მოტყუებაში მეხმარება. თეატრი ხომ, ბოლოს და ბოლოს, ლამაზი, ჯადოსნური ტყუილია“ – 6 თებერვალს თეატრალურმა საზოგადოებამ რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავი აღნიშნა.

„ჩემს გვერდით არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომ დროზე შევეჩერებინე და დაახლოებით ეთქვა ის, რასაც მე ვეუბნები ხოლმე პირველკურსელებს: წადით, თავს უშველეთ, ვიდრე გვიანი არ არის. თეატრი – საშინელი თამაშია. უმრავლესობისთვის ის მარცხით და სულიერი  გაკოტრებით მთავრდება“, – წერდა თუმანიშვილი თავის წიგნში „რეჟისორი თეატრიდან მიდის“.

წიგნი მაშინ დაიწერა, როდესაც მიხეილ თუმანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე ათასი სხვა რამ მოხდა, „ეპოქა შექმნა რუსთაველში“ – ასე აფასებს მის მოღვაწეობას ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური.

მიხეილ თუმანიშვილს მარტივი ცხოვრება არ ჰქონდა, იბრძოდა ომში, ადრე გარდაეცვალა პირველი ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა, მუდმივად ძიების პროცესში იყო და მუდმივად უნდა დაეცვა და გაეტანა ის, რისიც თავად სჯეროდა.

რუსთაველის თეატრში მან შემოიკრიბა მსახიობები: მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე და ბადრი კობახიძე. ამ დასს შემდეგ „შვიდკაცა“ შეარქვეს. ლელა ოჩიაური ამბობს, რომ თუმანიშვილი ახერხებდა კომუნისტური სპექტაკლებიც კი ანტისაბჭოთა, ადამიანური გამოსულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად რეჟისორს ესეც დროის კარგვად მიაჩნდა.

გაცილებით ხშირად ვდგამდი იმასრაც თეატრს სჭირდებოდა და არა მეხოლო ისრაც ძალიან მინდოდა, სულ რამდენიმეჯერ მაქვს დადგმული“, – წერს ერთგან თავის წიგნში, რამდენიმე გვერდის შემდეგ კი ისევ: „მიუტევებლად ხშირად ვმუშაობდით ტყუილუბრალოდ და დოლების რახარუხითა და ყალბი ფარფარების ხმით ვაზანზარებდით თეატრს. რა ბედნირები არიან ისინი, ვინც ჩვენს მერე მოვიდა რეჟისურაში. მათი მშურს! ისინი არ ხარჯავენ თავიანთ საუკეთესო წლებს  პომპეზურ სიყალბეზე“.

ყოველთვის უკმაყოფილო იყო საკუთარი სპექტაკლებით. უკვე სიბერეში ძალიან დარდობდა, ახლა გამოცდილებაც მაქვს და ცოდნაც, მაგრამ ძალა აღარ მყოფნის საქმე ვაკეთოო.

„თუ ჩაეჭიდებოდი მის მეთოდს და ბოლომდე გაჰყვებოდი, არანაირი წინააღმდეგობა აღარ გხვდებოდა. მის რეპეტიციებს დავსწრებივარ. იყო ძალიან დახვეწილი, ინტელიგენტი, ძალიან მოკრძლებული. მართლა დღესასწაული იყო ეს ადამიანი. თან საოცრად მომხიბლავი გარეგნობა ჰქონდა, ხმელი, ლამაზი სახე. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გაჯადოებდა“,- ამბობს ლელა ოჩიაური.

რუსთაველიდან საკუთარ თეატრამდე

მიხეილ თუმანიშვილი ფიქრობდა, რომ რუსთაველის თეატრში რაღაც იყო შესაცვლელი: ხორავას თამაშის შთაგონებულ წუთებსა და ვასაძის ვირტუოზულ ოსტატობაზე ხომ არ იდგება ეს უზარმაზარი თეატრი“. საბოლოოდ თუმანიშვილი თეატრიდან წამოვიდა. თავიდან პატარა სახელოსნო გახსნა და ახალგაზრდა მსახიობებს იქ ამეცადინებდა. ერთხელ ეროსი მანჯგალაძემ „რუსთაველიდან“ „ჭინჭრაქას“ ფარდა მოიტანა. გახარებულებმა დაკიდეს. ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ. თავისებურ სპექტაკლებს დგამდნენ, პოლიჟანრულს – თან ტრაგედია რომ იყო, თან კომედია, თან დრამა…

„მას უნდოდა, მის გვერდით გიჟები ყოფილიყვნენ და ახლა კი ყველა „დაჭკვიანდა“ – ამ სიტყვებით იხსენებს მსახიობი რამაზ იოსელიანი თავის პედაგოგს.

„90-იან წლებში, ომის და პოლიტიკური დებატების პერიოდში, სინათლე რომ არ იყო და ნავთქურასთან ვისხედით, გვეუბნებოდა, ნუ მიაქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას, ჩვენ ჩვენი კერია გვაქვს, ჩვენ აქ უნდა ვილოცოთ, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთო. მან გვასწავლა ხელობა, რომელიც მსახიობმა უნდა იცოდეს. გვასწავლიდა, რომ უნდა შეეწირო ამ საქმეს, გასცე და უკან არაფერს ელოდო. ყველა მის სტუდენტს ჩვენ-ჩვენი მიშა გვყავს. რაღაცას რომ ვაკეთებთ, მხარზე გვიზის, ყურში გვიჩურჩულებს: „აბა, მეტი არ მოგივიდეს, ნამდვილი იყავი, ნუ ითვალთმაქცებ, თავში ნუ აგივარდება, არავინაა ვარსკვლავი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ“.

ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი „ახლა კი ფარდა!“ მიხეილ თუმანიშვილის იუბილეს ეძღვნება.

შემოკლებული ვერსია. სრულად წაიკითხეთ აქ: https://www.radiotavisupleba.ge/

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close