კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 100 წლის ბრიტანელი ვეტერანი, რომელმაც ექიმებისთვის 39 მლნ-მდე ფუნტი შეაგროვა
100 წლის ბრიტანელი ვეტერანი სერ ტომას მური, რომელმაც თავის ბაღში სიარულით პირველი კარანტინის დროს £38,9 მლნ შეაგროვა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურისთვის (NHS), COVID-19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ოჯახმა 2 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია.
„უდიდესი მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი ძვირფასი მამის, კაპიტან სერ ტომას მურის გარდაცვალების შესახებ. ისეთი მადლობლები ვართ იმისთვის, რომ მასთან ვიყავით მისი ცხოვრების ბოლო საათებში… ის იყო არაჩვეულებრივი მამა და პაპა და მუდამ ცოცხალი იქნება ჩვენს გულებში“, – მოჰყავს The Guardian-ს მურის ქალიშვილების – ჰანას და ლუსის სიტყვები.
კაპიტან მურის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა მისი ფოტო თარიღებით „1920-2021“.
— Captain Tom Moore (@captaintommoore) February 2, 2021
კაპიტანი სერ ტომას მური ბედფორდის საავადმყოფოში 31 იანვარს შეიყვანეს COVID-19-ის დიაგნოზით. მანამდე გარკვეული დროის განმავლობაში იგი პნევმონიაზე მკურნალობდა და წინა კვირაში გაკეთებული ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, კაპიტანმა ტომას მურმა სახელი გაითქვა იმით, რომ გადაწყვიტა კოვიდ-19-თან მებრძოლი ექიმების დასახმარებლად £1 ათასი შეეგროვებინა. ამისთვის მან სოცქსელის მომხმარებლების წინაშე პირობა დადო, რომ თავის ბაღში 100-ჯერ შემოივლიდა 25-მეტრიან წრეს. 100-ის შემდეგ იგი აღარ გაჩერდა და კიდევ ასჯერ დაარტყა წრე ბაღს.
მის ინიციატივას მხარი დაუჭირეს როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა, ისე ცნობილმა პიროვნებებმა და მურმა ათასი ფუნტი კი არა, 39 მილიონამდე ფუნტი სტერლინგის მოგროვება შეძლო.
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ სერ ტომას მურს რაინდობა უბოძა.
კაპიტანი მური იმითაც გახდა ცნობილი, რომ ტენორ მაიკლ ბოლთან ერთად შეასრულა სიმღერა You’ ll Never Walk Alone („არასდროს იქნები მარტო“). სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანეთის მუსიკალურ ჰიტ-პარადებში და iTunes-ისა და Official Charts Company-ის ჩარტების ზედა პოზიციაზე აღმოჩნდა.
კომენტარები