ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საშუალო სისწრაფე მსოფლიოში თებერვალში თითქმის ორჯერ შემცირდა იანვრის მაქსიმალურ მაჩვენებლებთან შედარებით. ასეთი მონაცემები გაავრცელა 2 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
ორგანიზაციაში დააზუსტეს, რომ ბოლო 24 საათში COVID-19-ის 444,5 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2021 წლის დასაწყისიდან ერთ-ერთი ყველაზე მინიმალური მაჩვენებელია. ამაზე ნაკლები დაფიქსირდა 26 იანვარს, როდესაც კორონავირუსით ერთ დღეში დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში დაახლოებით 424,2 ათასი იყო, მაქსიმალური რაოდენობა კი 10 იანვარს გამოვლინდა – 870,8 ათასამდე ახალი შემთხვევა.
დაავადებულთა რიცხვის ზრდა იანვრის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა აშშ-ში (ბოლო 24 საათში 125,5 ათასი ახალი შემთხვევა), არგენტინაში, ბრაზილიასა და კოლუმბიაში.
ამასთან, სიტუაცია სტაბილურდება ევროპაშიც. მაგ., იტალიაში, პირველი თებერვლის საღამოს მონაცემებით, 8 ათასზე ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ოქტომბრის შუა რიცხვების შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია (ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს საღამოს გამოცხადებული მონაცემებით, ინფიცირების კიდევ 9660 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად).
იანვრის მონაცემებთან შედარებით დაავადების მაჩვენებელი შემცირდა ჩეხეთშიც (6-ჯერ და მეტად), გერმანიაში (4-ჯერ) და სხვა ქვეყნებშიც, ესპანეთისა და საფრანგეთის გარდა (ესპანეთში დღეს საღამოს მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში კიდევ 29 064 ადამიანი დაინფიცირდა, 724 კოვიდპაციენტი კი გარდაიცვალა).
ნინო ხოშტარია
კომენტარები