fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში 20 მილიონი წლის წინათ გაქვავებული ხე აღმოაჩინეს (ვიდეო)

ბერძნულ კუნძულ ლესბოსზე, რომელიც ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მეცნიერებმა 20 მილიონი წლის წინ გაქვავებული ხე აღმოაჩინეს. მცენარის ტოტები და ფესვები, რომლებიც ვულკანური ფერფლითაა დაფარული, ჩვენამდე თითქმის დაუზიანებლადაა მოღწეული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ხის ნამარხს კუნძულზე მილიონობით წლის წინათ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ლავაში ჩაძირული უძველესი სუბტროპიკული ტყის მიმდებარედ წარმოებული საგზაო სამუშაოებისას სრულიად შემთხვევით მიაკვლიეს. ეს ტერიტორია 15 ათას ჰექტარზეა გადაჭიმული, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერაა დაცული და მსოფლიო გეოლოგიური პარკების ნუსხაში შედის. სპეციალისტთა განცხადებით, ამ ადგილზე ჯერ კიდევ 1995 წლიდან დაწყებული გათხრებისას ნაპოვნ სხვა გაქვავებულ მცენარეებთან შედარებით ახალაღმოჩენილი ნიმუში ყველაზე კარგადაა შემონახული.

ხის სიგრძე დაახლოებით 19 მეტრია. მეცნიერთა ვარაუდით, ის ვულკანური ფერფლით ბუნებრივი კატასტროფის დროს, წაქცევის შემდეგ დაიფარა. სწორედ ამან შეუწყო ხელი ნამარხის პირვანდელი სახით შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ მის მახლობლად ხილის მსხმოიარე მცენარის ფოთლებსაც მიაკვლიეს, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით, რაც ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილ ცხოველების ნაშთებთან ერთად, კუნძულ ლესბოსზე ადრე არსებულ ეკოსისტემაზე გარკვეული წარმოდგენის შექმნის საშუალებას იძლევა.

სპეციალისტები საკუთარი აღმოჩენის უნიკალურობას უსვამენ ხაზს. ისინი გაქვავებული ხის დეტალურად შესწავლას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ ამის შედეგად მისი სახეობის დადგენას შეძლებენ.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close