იტალიაკრიმინალი

იტალია: ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლი და 5 წლის შვილი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა

ტურინში საზარელი მკვლელობა მოხდა: ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ცოლი და 5 წლის ვაჟიშვილი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა სახლის აივნიდან გადმოხტომით; მანამდე მან მაჯებზე ვენები გადაიჭრა.

შემთხვევა კარმანიოლაში მოხდა (კომუნა ტურინის შემოგარეში) ღამის 3 საათზე. ადგილზე მისულმა კარაბინერებმა 39 წლის ალესანდრო რიჩიო  (Alessandro Riccio) დააკავეს, რომელიც თვითმკვლელობის მცდელობისას გადარჩა, თუმცა ხერხემლის, მკერდის ძვლის და კოჭის მოტეხილობა მიიღო. ვარაუდობენ, რომ მან გადმოხტომამდე რაღაც სითხეც დალია, რასაც ექსპერტიზა დაადგენს.

მამაკაცი ტურინის საავადმყოფოში მოთავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგი იმავე კარაბინერების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მეზობლების გამოძახების შემდეგ მივიდნენ.

მამაკაცმა წერილი დატოვა: „მე შენ თან წაგიყვან“. წერილიდან ირკვევა, რომ იგი თავის ცოლთან ურთიერთობით უკმაყოფილო იყო, თან წერილში აცხადებს, რომ ძალიან უყვარდა ცოლ-შვილი.

მამაკაცის მეგობრების თქმით, მან ბოლო დღეებში ფეისბუქში რამდენიმე პოსტი დაწერა, რომ პრობლემები აქვს, რომელიც მას ანგრევს და გაურკვეველი დანაშაულის გრძნობა ეუფლება, თუმცა შემდეგ წაშალა. ამ პოსტებიდან არ ჩანდა, რა განზრახვა ჰქონდა მას. მეგობრების თქმით, ასეთ რამეს არავინ ელოდა.

კარაბინერების პირველადი ვარაუდით, ქალმა ქმართან გაშორება გადაწყვიტა და მამაკაცმა ამ ნიადაგზე ჩაიდინა წარმოუდგენელი დანაშაული – თავისი 39 წლის ცოლი, ტეოდორა კაზაზანტა (Teodora Casasanta) და 5 წლის ვაჟი – ლუდოვიკო ასე უმოწყალოდ გაიმეტა.

მიმდინარეობს გამოძიება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close